
თბილისი 40 რუსული ტანკის განადგურების შესახებ იტყობინება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული შეტევა ცხინვალზე შეჩერებულია.
ქართულმა ძალებმა 40 რუსული ტანკი გაანადგურეს, როდესაც ისინი ცხინვალს ჩრდილოეთიდან უტევდნენ, განაცხადა შსს-მ 9 აგვისტოს.
”მიუხედავად უზარმაზარი შეტევისა, ქართულმა ძალებმა შეძლეს მისი მოგერიება,” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.
ამ განცხადებიდან ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ძალები ცხინვალის მიდამოებში ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს და სოფელს აკონტროლებენ, მათ შორის ზნაურს, დმენისს და წინაგარს.
”ამჟამად მიმდინარეობს იმ ბანდების გაგდება, რომლებიც ცხინვალის ჩრდილოეთიდან შემოვიდნენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ათი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
რუსეთმა აღიარა, რომ მისი ორი სამხედრო თვითმფრინავი TU-22 ბომბდამშენი და SU-25 მოიერიშე თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული.
ერთი რუსი პილოტი დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი, რომელთაც კატაპულტირება მოახერხეს, ამჟამად თბილისის საავადმყოფოში იმყოფება, განაცხადა ზღულაძემ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა უჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს ერთი დაჭრილი პილოტი, რომელიც ეუბნება ტელეკომპანიას, რომ ის დაზვერვითი მისიით იმყოფებოდა ”საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ საზღვარზე”.
”რუსთავი 2”-მა ასევე კონფლიქტის ზონის მახლობლად, სოფელ ძევერაში ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების კადრები უჩვენა.