skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი ბრაიზას თბილისისადმი მიკერძოებაში სდებს ბრალს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მეთიუ ბრაიზას 9-12 მაისს თბილისსა და სოხუმში ვიზიტებისას მოსკოვის ”პროვოკაციულ ნაბიჯებზე” გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და თბილისის სასარგებლოდ მიკერძოებაში სდებს ბრალს.


”აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებები თბილისსა და სოხუმში ამერიკის ადმინისტრაციის ხაზის გაგრძელებაა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ დაიცვას და გააუვნებელყოს კრიტიკისაგან ისინი, ვისაც ასე გამალებით ექაჩება ნატოში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 12 მაისს.


საქართველოში ვიზიტისას მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ თბილისთან მიმართებაში რუსეთის ”პროვოკაციული ნაბიჯები”, მათ შორის სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდა და დსთ-ს სანქციებიდან ცალმხრივად გამოსვლა, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უშლის ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია რუსეთის განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაწყების შესახებ.


”ნებისმიერი უკანასკნელი ქმედებები ბატონი ბრაიზას მიერ თბილისისთვის ხელსაყრელ ჭრილშია შეფასებული,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბატონი ბრაიზა ახდენს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების და რეალური მოვლენების არ ცოდნის დემონსტრირებას, რის შედეგადაც მისი მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად შეესაბამება სინამდვილეს”.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ”ალბათ მისთვის [ბრაიზასთვის] უცნობია, რომ 29 აპრილსა და 3 მაისს დსთ-ს კოლექტიური ძალების ხელმძღვანელობამ დეტალურად ამცნო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობოთა რაოდენობის ზრდის მიზეზებზე მათი დისლოკაციის სქემის ჩათვლით”.


თუმცა ქართული მხარე აცხადებდა, რომ რუსეთმა მისი თანხმობის გარეშე გაზარდა კონტიგენტი და დეტალებზე საქმის კურსში რა ჩაუყენებია. თბილისმა სამშვიდობოების გაზრდილი რაოდენობისა და მათი განლაგების ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება გაეროს დამკვირვებლების მეშვეობით ითხოვა.


”აფხაზეთის საზღვრებთან ქართული მხარის მიერ შეიარაღებული ძალების ცალმხრივად ზრდის  და აფხაზეთის საჰაეროს სივრცეში ქართული უპილოტო მზვერავების რეგულარული ფრენის პირობებში ამერიკელი დიპლომატი უცებ სვამს კითხვას კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდის მიზაშეწონილობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ამასთან, უპილოტო მზვერავ თვითმფრინავებს სადაზვერვო საქმიანობის, ცეცხლის კორექტირების გარდა, სავსებით შეუძლიათ ატარონ ”ჰაერი-ჰაერის” ტიპის რაკეტებიც (ამაზე, კერძოდ, საუბარია აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში 8 მაისს ჩამოგდებულ მორიგ ქართულ თვითმფრინავთან დაკავშირებით)”.


რუსეთის საგარეო უწყება ასევე ირწმუნება, რომ აფხაზეთის მიმართ სანქციების მოხსნა სამხედრო კომპონენტს არ მოიცავს. დსთ-ს 1996 წლის შეთანხმება აფხაზეთს ეკონომიკური სანქციების გარდა უწესებს შეზღუდვას შეიარაღების მიწოდებაზე.


”საუბარია მხოლოდ აფხაზეთის მოსახლეობის  სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ინტერესების დაცვაზე, რისი უზრუნველყოფაც საქართველოს ხელისუფლებას უკვე ბოლო 15 წელზე მეტია არ შეუძლია,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button