skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია თუ ყველა სხვა მოთხოვნას მოხსნის, გადავდგები – ბურჯანაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია ყველა სხვა მოთხოვნის შესრულებას მოხსნის დღის წესრიგიდან, ის მიიღებს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილებას.


”თუ ყველა სხვა მოთხოვნებს მოხსნიან, პრეზიდენტის არალეგიტიმურობიდან დაწყებული, მაჟორიტარებით და მემორანდუმით დამთავრებული გადავდგები,” –  განუცხადა ბურჯანაძემ გაზეთ ”რეზონანსს” ინტერვიუში, რომელიც 17 მარტს გამოქვეყნდა, ”რომ გადავდგე მთელი ოპოზიცია ადგება? შეწყვეტენ შიმშილობას? პრეზიდენტის გადაყენებას მოხსნიან? მე როგორც ვიცი ეს არ არის ყველა მათგანის მთავარი მოთხოვნა. გამყრელიძის მოთხოვნაზე ნამდვილად არ გადავდგები”.


პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა ბურჯანაძის მისაღებში მოშიმშილე ახალმა მემარჯვენეებმა 14 მარტს დაუმატეს 29 იანვრის მემორანდუმის შესრულების მოთხოვნებს. ”საქართველო ბურჯანაძის გარეშე” – ეს 16 მარტს, საღამოს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ახალი ლოზუნგი გახდა. აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე წინა მიტინგებზე, შიმშილობის აქციის დაწყების დროს იყო. ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წარმომადგენლები, თუმცა შედარებით ზომიერ პოზიციას აფიქსირებენ კოალიციიდან ცოტა ხნის წინ გასული რესპუბლიკელები.


”პარლამენტის უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილია რვა კვირა და როცა ამ დროს ლაპარაკობ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩიხში ხარ შესული, გინდა სხვა დააშანტაჟო და რაღაც გამოსავალი მოძებნო იმისათვის, რომ შენი შიმშილობის აქციის შეწყვეტა გაამართლო,”- აცხადებს ბურჯანაძე ინტერვიუში. 


საპროტესტო აქციების მეორე ტალღა შიმშილობის გამოცხადებითა და პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლით ოპოზიციამ 9 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები 75 მაჟორიტარის არჩევის თაობაზე. პროტესტის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ მაჟორიტარების საკითხი ბოლომდე გაიტანა. ოპოზიციამ ამ ფაქტს ადრე მიღწეული შეთანხმების დარღვევა უწოდა და მიიღო, როგორც მაისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების განზრახვის ნიშანი, რადგან მათი განცხადებით, ეს ცვლილებები მისცემს მმართველ პარტიას შანსს უმრავლესობით მოვიდეს მომავალ პარლამენტში.


პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ მაჟორიტარულ წესზე უარი თქვას ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიერ კანონზე ვეტოს დადების გზით ”არც რეალურია და არც შესრულებადი”. მან მიანიშნა, რომ განსხვავებით მემორანდუმის სხვა საკითხებისა, მაჟორიტარულ სისტემაზე დიალოგის კარი დახურულია. 


”კანონი ხელმოწერილიცაა და უკვე გამოქვეყნებულიც,”- აცხადებს ბურჯანაძე ”რეზონანსთან” საუბარში, ”თუ იმას ითხოვენ, რომ ახალი ცვლილებების შეტანის პროცედურა დაიწყოს, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები მაისში ვერ ჩატარდება. თუ არჩევნები მაისში ვერ ჩატარდება და შეიძლებოდა, რომ არჩევნები სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარებულიყო, მაშინ ვინმემ ამიხსნას, ამხელა არეულობა ნოემბრის თვეში რატომ დაიწყო?”


კითხვაზე ხომ არ აქვს ხელისუფლებას საფუძველი ნოემბრის მოვლენების მსგავსად ისევ ხელისუფლების გადატრიალებაზე ილაპარაკოს, ბურჯანაძემ უპასუხა: ”ეს გასული ამბავია და არ მინდა, კიდევ უფრო გავამწვავო სიტუაცია, მაგრამ საზოგადოებას ანალიზის გაკეთება შეუძლია… ოპოზიციის განცხადება, რომ ბერეზოვსკისგან დაფინანსდებიან, ნორმალურ ამბად მიგაჩნიათ? ვინმე მოსწონს თუ არა ბურჯანაძე, ის, რაც ახლა ხდება, ოპოზიციის წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს”.


ნოემბრის არეულობების დროს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს იყო აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილის ყოფილმა ბიზნეს პატრნიორმა და მეგობარმა ბორი ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ ის არ არის გულგრილი საქართველოს მიმართ და აპირებს აკეთოს ის, რასაც ”ბადრი აკეთებდა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button