ახალი ამბები

საქართველოს არჩევნების წინ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა ურჩიეს

მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ხანმოკლე პერიოდის გამო, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორმა კრისტიან სტროჰალმა მოუწოდა ოპოზიციას და ხელისუფლებას შეთანხმდნენ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებებზე.


”მცირე დრო რჩება საარჩევნო კოდექსში არსებული შეუსაბამობების და ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად,” – განაცხადა მან, ”ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს ყოვლისმომცველ და გამჭირვალე გარემოში, რაც გაზრდის საარჩევნო პროცესისადმი ყველა მონაწილის ნდობას”.


სტროჰალმა, რომელიც საქართველოს 10-11 მარტს ეწვია, ასევე განაცხადა, რომ ODIHR-ს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოაგვარებს ODIHR-ის მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნაში გახმოვანებულ ნაკლოვანებებს. ” საარჩევნო პროცესში ფუნდამენტალური მნიშვნელობა ექნება პოლიტიკურ ნებას ყველა დონეზე, რათა ჩატარდეს ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები,” – განაცხადა მან.


ვიზიტის დროს სტროჰალი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს, ასევე ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.


ODIHR-მა მიიღო საქართველოს ხელისუფლების მოწვევა დააკვირდეს მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ODIHR-ი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას აპირებს საქართველოში.    


 

Back to top button