ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიცია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ეუთოს საბოლოო დასკვნის საფუძველზე მოითხოვს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და ამ მიზნით მოსახლეობას 9 მარტიდან საპროტესტო აქციების დაწყებისაკენ მოუწოდებს.


ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო დასკვნაში საპრეზიდენტო არჩევნების დღე და ხმის მიცემა ზოგადად დადებითად შეაფასა, თუმცა ხმების დათვლის პროცესი ”ნაკლებად პოზიტიურად”.


”[ხმების] დათვლის პროცესის 23% [სულ 180 საარჩევნო უბანი], სადაც IEOM-ი [საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია] ახორციელებდა დაკვირვებას, შეფასდა როგორც ’ცუდი’ ან ’ძალიან ცუდი,” – ნათქვამია მოხსენებაში, ”საუბნო საარჩევნო კომისიების 35%-მა არ განახორციელა ხმების დათვლის პროცესი დადგენილი წესით”.


”ეს განცხადება არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე,”- განაცხადა ოპოზიციური კოალიციის სახელით კობა დავითაშვილმა, ხალხის პარტიის ლიდერმა, ”და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან მთელი მსოფლიოს აზრითაც არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნისა და ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს ემატება ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა – ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყანაში”.


ეს მოთხოვნა ეროვნულმა საბჭომ გუშინ გვიან ღამით და დღეს დილიდან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოაცხადა. ოპოზიციურმა ძალებმა საპროტესტო მოძრაობის განახლების შესახებ მას შემდეგ გააფრთხილეს, რაც 4 მარტს მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის შეფასებით,  დაარღვია ადრე მიღწეული შეთანხმება და მაჟორიტარული საპარლამენტო არჩევნების ისეთ სისტემას დაუჭირა მხარი, სადაც 150-წევრიან პარლამენტში 50-ის ნაცვლად 75 მაჟორიტარი და 100-ის მაგივრად 75 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი მოხვდება.


კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიცია ისევ დაიწყებს ქუჩის აქციებს, რადგან ”ხელისუფლებას სხვანაირად არ ესმის”.


ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა, დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა ეთანხმება ოპოზიციური კოალიციის პათოსს, რადგან ”ყოველგვარი თანამშრომლობა და დიალოგის პოზიტიური ფორმების წარმოება გააქარწყლა საბოლოოდ ამ ხელისუფლებამ”.  

”ჩვენ არასდროს 5 იანვრის შემდეგ არ გვიღიარებია სააკაშვილი, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი,”- განუცხადა მამუკა კაციტაძემ ტელეკომპანია ”მზეს”.


ჯერ-ჯერობით უცნობია შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციური კოალიციის მოწოდებებს სხვა ოპოზიციური პარტიები, მათ შორის რესპუბლიკური პარტია. 

პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან ოპონენტებს კვლავ დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე დასძინა ”თუ რომელიმე ძალას ამისთვის ნებისყოფა ან მზაობა არ აქვს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მათი გადაწყვეტილების შეფასებას ხალხი გააკეთებს არჩევნებზე”.

Back to top button