
ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს
ოპოზიციურმა პარტიებმა 4 მარტს გვიან საღამოს კონსულტაციები გამართეს იმის თაობაზე, თუ რა ფორმით გაუწიონ წინააღმდეგობა მაჟორიტარული დეპუტატების არჩევის ახალი წესს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ თავიანთ სამოქმედო გეგმას 5 მარტს გაახმოვანებენ. კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს რვა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ, ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ლიდერებმა.
კონსულტაციების დაწყებამდე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ახალი წესის დამტკიცების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს. ოპოზიციის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება კანონის დარღვევით განხორციელდა, რადგანაც ის დამტკიცებამდე არ განხილულა, ასევე არ მომხდარა ამ თვისობრივად ახალი ცვლილების ინიცირება მისი ერთთვიანი საჯარო განხილვის პროცედურის გავლით, რაც კონსტიტუციური კანონის მიღებისათვის დადგენილი წესია.
თუ პარლამენტი ამ პაკეტს მეორე და მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს, მაჟორიტარ დეპუტატთა რიცხვი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, 50-ს შეადგენს, 75-მდე გაიზრდება და ასევე 100-დან 75-მდე შემცირდება პროპორციული პარტიული სიით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი.
”ეს არ არის ტრაგიკული გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის,” განაცხადა ბერძენიშვილმა. ”ჩვენ შეგვიძლია 75-ვე ადგილას სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ და ეს ადგილები ჩვენ დავიკავოთ, თუ ვიმოქმედებთ კოორდინირებულად. უბრალოდ უნდა შევთანხმდეთ თითოეულ მაჟორიტარ კანდიდატურაზე, რათა ძლიერი კონკურენტები არ დასახელდეს ერთ რეგიონში. ამაზე მოლაპარაკება შეიძლება და რესპუბლიკური პარტიაც კოორდინირებულად იმოქმედებს.”