
თბილისის ულტიმატუმმა ჩაშალა ჟურნალისტის გათავისუფლება – შამბა
აფხაზური მხარე აპირებდა ქართველი ჟურნალისტის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი ადამიანის გათავისუფლებას, თუმცა ეს შეუძლებელი გახდა პრეზიდენტ სააკაშვილი ულტიმატუმის შემდეგ, განუცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გაზეთ ”რეზონანსს”.
”როდესაც [ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტ მალხაზ] ბასილაიას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი [ლუიზ არბური] შეხვდა, ჩვენ მის გათავისუფლებას ვაპირებდით, საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ბასილაიას გათავისუფლებას ქართველი პოლიციელებით აპირებდა, ჟურნალისტის გათავისუფლება უკვე შეუძლებელი გახდა,” – იტყობინება ”რეზონანსი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით 29 თებერვალს.
ლუიზ არბურმა, რომელიც აფხაზეთს 27 თებერვალს ესტუმრა, იმავე დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დამცველები გაეროს დამკვირვებელთა სოხუმის ოფისიდან შეხვდნენ ბასილაიას და არ უთქვამს, რომ მან პირადად მოინახულა დაკავებული ჟურნალისტი.
ვარაუდები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გაფრთხილებამ ჩაშალა ქართველი ჟურნალისტის შესაძლო გათავისუფლების გეგმები, 28 თებერვალს ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმაც გამოთქვა. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დეპუტატმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის ”უპასუხისმგებლო განცხადებამ” ჩაშალა შესაძლო გარიგება გათავისუფლებაზე. დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ 28 თებერვალს გადაცემა Primetime-ში განაცხადა, რომ შესაძლოა მართლაც ეს იყო მიზეზი.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ კატეგორიულად უარყო ამგვარი ვარაუდები და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ”უპასუხისმგებლოა”.
28 თებერვალს გადაცემა Primetime-ში საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ქართული პოლიციის ჩარევის თაობაზე იყო ნათელი გზავნილი იმისა, თუ ”რა შეიძლება იყოს ამგვარი ქმედებების [საქართველოს მოქალაქეების დაკავების] ფასი”.
”მათ [აფხაზეთის ხელისუფლებას] კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ და მოვითხოვთ გადაწყვეტას [ამგვარი შემთხვევების], რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ღამით ან ხვალ მოუმზადებელი, ნაჩქარევი ოპერაცია დაიწყება; ეს ძალიან რთული საკითხია და ჩვენ არ გადავდგამთ რაიმე ნაბიჯს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენ სახელმწიფოს. მაგრამ მინდა გავიმეორო, მათ [აფხაზეთის ხელისუფლებამ] უნდა იცოდნენ, რომ ფსონები ძალიან მაღალია”.
იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური დიპლომატიური მცდელობები ქართველი ჟურნალისტის გასათავისუფლებლად. ”აფხაზეთი გახლავთ საქართველოს ნაწილი და საქართველოს ხელისუფლებას უფლება აქვს კონსტიტუციური ზომები გაატაროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში,”- განაცხადა მან, ”ბუნებრივია ჩვენ ვცდილობთ საკითხი აქამდე არ მივიდეს და ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ რესურსს, რათა დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლება მოხდეს მშვიდობიანი გზით”.
ამასობაში, აფხაზეთის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ 28 თებერვალს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფხაზური მხარე არ აპირებს ქართველი ჟურნალისტის და მასთან ერთად 26 თებერვალს დაკავებული კიდევ ორი ადამიანის გათავისუფლებას. მისი თქმით, ყველა მათგანი სასამართლოს წინაშე წარდგება. სამივე დაკავებულს ”საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” ედება ბრალი.
მან განუცხადა ”აფსნიპრესს”, რომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან დაკავებულების გათავისუფლების თაობაზე. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ აწარმოებს პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზეთის ხელისუფლებასთან. მისი თქმით, ქართული მხარე გაეროს დამკვირვებლებთან და მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან განიხილავს ამ საკითხს.
ბჟანიამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ”განზრახვა ჟურნალისტის გათავისუფლების თაობაზე, რომელმაც ნამდვილად დაარღვია კანონი, უცნაურად ჩანს, რადგანაც სულ ცოტა ხნის წინ [ნოემბერში] ჩვენ და მთელი მსოფლიო გავხდით იმის მოწმენი, თუ როგორ გაუსწორდნენ ქართველი სპეცრაზმელები ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტებს”.
მისი თქმით, ასევე უცნაურია, რომ საქართველოს ხელისუფლება საჯარო განცხადებებში მხოლოდ ჟურნალისტის გათავისუფლებას მოითხოვს, ხოლო დანარჩენ ორ დაკავებულს არც ახსენებს. არც პრეზიდენტ სააკაშვილს, არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს არ უთქვამთ არაფერი ბასილაიასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პიროვნებაზე – დავით წოწორიასა და მაია დანელიაზე. ბჟანიას ვარაუდით, ჟურნალისტზე ყურადღების გამახვილება საქართველოს ხელისუფლების ”PR კამპანიის” ნაწილია, რომელიც საერთაშორისო ყურადღების მოპყრობას ისახავს მიზნად, რაც შეუძლებელი იქნებოდა მხოლოდ ”რიგითი მოქალაქეების” შემთხვევაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)