skip to content
ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს მედიკოსებს არ შეავსონ პოლიტიკური ანკეტები

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სანდრო კვიტაშვილმა მოუწოდა ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს არ შეავსონ ანკეტები, რომლებიც დაუდგენელმა სუბიექტმა საავადმყოფოებში გაავრცელა და მოითხოვს ექიმთა პოლიტიკური სიმპათიების შესახებ გრაფის შევსებას.


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კვიტაშვილმა წარმოადგინა ანკეტა, სადაც არის ”მოთხოვნა თანამშრომელთა პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ: ”ჩვენი მომხრე” და ოპოზიცია”. 


”ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი დოკუმენტი,”- განაცხადა მან, ”არანაირი მოთხოვნა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებიდან მსგავსი ინფორმაციის შეგროვებაზე არ ყოფილა. ამის აბსოლუტური წინააღმდეგია ჯანდაცვის სამინისტრო და მე ვთხოვ საქართველოში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას არ შეავსონ ეს სიები და არავის გადასცენ. არავის არ სჭირდება ეს”.


მისი თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ავრცელებს ამ ანკეტებს.


მსგავსი ანკეტები საჯარო დაწესებულებებში საპრეზიდენტო არჩევნებამდეც დარიგდა.

This post is also available in: English Русский

Back to top button