
ბუშმა სააკაშვილს ხელახლა არჩევა მიულოცა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა არჩევა მიულოცა, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლიმ 14 იანვარს.
”პრეზიდენტმა, როგორც კი ავფრინდით [დუბაიდან რაიადში], დაურეკა ახლადარჩეულ პრეზიდენტ სააკაშვილს და გამარჯვება მიულოცა მას,” – განუცხადა ჰედლიმ ჟურნალისტებს.
”სააკაშვილს ესიამოვნა პრეზიდენტის ზარი. მან აღნიშნა, რომ ის შეეცდება ოპოზიციასთან კონსენსუსის დამყარებას მისი ბოლო ვადის დროს,” – დასძინა ჰედლიმ.
კითხვაზე, გამოხატა თუ არა ბუშმა რაიმე შეშფოთება იმაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, ჰედლიმ უპასუხა: ”არა. იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელთაც გამოხატეს თავიანთი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და სავსებით ნათელია, რომ მან [სააკაშვილმა] 50 პროცენტზე მეტი მიიღო და ამიტომაც თავიდან აიცილა მეორე ტური… რაც მან [ბუშმა] გაიგო და რაც ძალიან იმედისმომცემი იყო, არის ის, რომ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის აპირებდა ოპოზიციასთან ურთიერთობის დამყარებას და ეროვნული კონსენსუსის მიღწევას მისი მმართველობის დროს. ეს კარგია. ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი აზრი და ახლა ახალი პრეზიდენტი ჰყავთ და ამის საფუძველზე განაგრძობენ წინსვლას”.