ახალი ამბები

შსკ-ს სხდომის პირველი დღე განსხვავებული შთაბეჭდილებებით დასრულდა

მხარეები ახლოს არიან იმ შეთანხმებამდე, რომ სამხრეთ ოსეთის უკიდურეს ჩრდილოეთით სადამკვირვებლო პოსტი განათავსონ, რასაც თბილისი მოითხოვს, განაცხადა ქართული მხარის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) დიმიტრი მანჯავიძემ 23 ოქტომბერს თბილისში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ.


რუსეთის მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში იური პოპოვმა უფრო ფრთხილი კომენტარები გააკეთა, ხოლო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა დუმილი ამჯობინა. 


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეუთოს მისიის ოფისში გაიმართა.


”რუსულმა და ჩრდილოეთ ოსურმა მხარეებმა და ეუთომ გაიზიარეს ჩვენი პოზიცია შერეული სამშვიდობო ძალების სადამკვირვებლო პოსტის დიდ გუფთაში განთავსების თაობაზე,” – განუცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მანჯავიძემ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ, რომელიც შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.


სოფელი დიდი გუფთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს – ეს ტერიტორია ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსშია განთავსებული. თბილისი იმედოვნებს, რომ დიდი გუფთას სადამკვირვებლო პოსტი კონფლიქტის ზონაში იარაღის შემოტანას აღკვეთს.  


მანჯავიძემ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეების თანხმობისა, ”რთული გახდა” სამხრეთ ოსური მხარის დარწმუნება ამ საკითხთან დაკავშირებით.


იური პოპოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეებმა რაიმე ”კონკრეტულ შეთანხმებას” ჯერ ვერ მიაღწიეს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ”კონკრეტული შედეგების მიღწევის” შანსი 24 ოქტომბერს არსებობს, როდესაც მხარეები კვლავ შეიკრიბებიან ეუთოს ოფისში. პირველ დღეს ვერ მოხერხდა სხდომის საბოლოო ოქმის ტექსტზე შეთანხმება – ოქმს, ჩვეულებისამებრ, ყველა მხარე აწერს ხელს, როგორც პლენარული სხდომის შედეგს.


იმავდროულად, სამხრეთ ოსეთი მოითხოვს იმ შეთანხმების მომზადებაზე მუშაობის დაწყებას, რომელიც ძალის გამოუყენებლობას ითვალისწინებს და რომელსაც, ცხინვალი იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი და პრეზიდენტ სააკაშვილი მოაწერენ ხელს.   


თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ამგვარ შეთანხმებას აზრი არ აქვს, სანამ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია არ მოხდება. თბილისის განცხადებით, დიდ გუფთაში სადამკვირვებლო პოსტის გახსნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია დემილიტარიზაციის მცდელობებისკენ, რასაც უნდა მოყვეს როკის გვირაბზე კონტროლის დამყარება.


მხარეებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი არის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ფიგურა. მაშინ როცა თბილისი ცდილობს, რომ სანაკოევი კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინოს, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს წარმოადგენს, ცხინვალი მას თბილისის ”მარიონეტს” უწოდებს.  


”სანაკოევი საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს და ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა ჩაერთოს ის მოლაპარაკებებში,” – განუცხადა იური პოპოვმა ჟურნალისტებს, ”იგი [სანაკოევი] ვერ იქნება კონფლიქტის მხარე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button