ცსკ-მ საარჩევნო სიების გადამოწმება დაიწყო
19 ოქტომბრიდან საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმების პროცესი დაიწყო, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის სიების დახვეწის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია.
ქვეყნის მასშტაბით 3 000 სპეციალური ჯგუფი 20 დღის განმავლობაში კარდაკარ შემოვლის პრინციპით საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს დაივლის და ყოველი ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებულ მონაცემებს შეადარებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებს.
”სიების გადამოწმება მოხდება როგორც გარდაცვლილთა ამოღების მიზნით, ისე მისამართის სიზუსტის და გამორჩენილი ადამიანების შევსების მიზნით,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცსკ-ს ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა.
სპეცჯგუფების შემადგენლობაში შედიან კონკურსის საფუძველზე შერჩეული წევრები და ასევე წინა საპარლამენტო არჩევნებზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური ძალების – ნაციონალური მოძრაობის, მრეწველთა და ლეიბორისტული პარტიის ორ-ორი წარმომადგენელი. ”ამდენად, პროცესის გამჭირვალობა მაქსიმალურად დაცულია,”- აცხადებს თარხნიშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)