იგორ ხვოროვი: 6 აგვისტოს ინციდენტი ”დადგმული პროვოკაციაა”
რუსეთის საჰაერო ძალების გენშტაბის მეთაურმა იგორ ხვოროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 6 აგვისტოს საქართველოში მომხდარი ინციდენტი რუსეთის წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო.
”არ არის საჭირო მტრის ჩრდილოეთში ძებნა; პროვოკატორი სადმე სხვაგან უნდა მოიძებნოს,” – განაცხადა ხვოროვმა 29 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
იგორ ხვოროვმა, რომელიც რუს სამხედრო ექსპერტთა იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ინციდენტი 16-17 აგვისტოს დამოუკიდებლად გამოიძია, პრესკონფერენციაზე რუსული საგამოძიებო ჯგუფის დასკვნები წარადგინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფუძვლიანი ეჭვები არსებობს იმისა, რომ რაკეტა არა გაისროლა თვითმფრინავმა, არამედ ის შეგნებულად ჩამარხეს ჩამოგდების სავარაუდო ადგილას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად.
იგორ ხვოროვის თქმით, დასავლელი ექსპერტებისგან შემდგარი ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნები პოლიტიკურად მოტივირებულია. ორივე ჯგუფმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდა, ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც არ აფეთქდა და უკანვე, რუსეთის ფედერაციაში გაბრუნდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ თავდასხმის მთავარი სამიზნე თავდაცვის სისტემის რადარი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)