ახალი ამბები

თბილისი კოდორზე გამოძიების განახლებას ითხოვს და აფხაზეთზე გაეროს მოხსენებას აკრიტიკებს

თბილისი მოითხოვს ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარი თავდასხმის გამოძიების გაგრძელებას და აქამდე გამოძიებაში ყველა ღიად დარჩენილი საკითხის მოხსნას, რადგან მიიჩნევს, რომ გაეროს  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა ამ ფაქტის სრულფასოვნად გამოძიება ვერ მოახერხა.


”წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი არ დასრულდება და ყველა შეკითხვა არ მოიხსნება, ჩვენთვის ძალიან  რთული იქნება წარმოვიდგინოთ რუსეთის ფედერაციის როლი გაეროს მეგობართა ჯგუფის მომდევნო მუშაობაში, ისევე როგორც ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ვიფიქროთ იმაზე, რომ დღეს არსებული უსაფრთხოების მექანიზმები [სამშვიდობო ოპერაცია] უზრუნველყოფს რეალურად უსაფრთხოებას აფხაზეთის რეგიონში,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დღეს გამართულ ბრიფინგზე.


”ჩვენ იძულებული ვიქნებით გადავხედოთ პოზიციებს ორივე დასახელებული მიმართულებით,”- დასძინა მან.


სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ კოდორის ხეობის დაბომბვა იყო საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ”ძალიან უხეში ფაქტი”.


”ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გამოძიების ხელის შეშლის ძირითად მიზეზად იქცა რუსეთის ფედერაციის პოზიცია, რომელმაც უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე გაეროს საგამოძიებო ჯგუფისთვის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, – განაცხადა ბაქრაძემ. 


საგამოძიებო ჯგუფში გაეროს დამკვირვებელთა მისიის, რუსი სამშვიდობოების, ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მათ შორის კონსენსუსის არ არსებობამ განაპირობა დასკვნის მინიშნებითი ენა, სადაც არ გამოირიცხება, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.


სახელმწიფო მინისტრი ასევე შეეხო გაეროს გენერალური მდივნის შუალედურ მოხსენებას აფხაზეთზე, რომელიც კოდორის დაბომბვის შესახებ დასკვნასთან ერთად დღეს გაეროს უშიშროების საბჭოში იხილება.


გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა, ბან გი-მუნი მოუწოდებს თბილისსა და სოხუმს დიალოგისკენ და ასევე ქართულ მხარეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან ”პატრიოტთა” ბანაკის გაყვანისკენ.


დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ შემდეგი მოხსენება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული იმ ”სასიცოცხლო პრობლემებზე”, რომელიც არსებობს რეგიონში.


კერძოდ, კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის არ არსებობაზე, პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის სრულ გაჩერებაზე, გალის რაიონში მიმდინარე სიტუაციაზე, სადაც ”უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები”;  პროგრესის არ არსებობაზე დევნილთა დაბრუნების საკითხებში.


”ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ვიმედოვნებთ, რომ აქცენტირებული იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალი დადგენილება,”- განაცხადა ბაქრაძემ. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button