skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს დაზვერვა საქართველოსა და კოსოვოზე საუბრობს

”საქართველოში მიმდინარე მოვლენები შესაძლოა ურთიერთკავშირში იყოს რეგიონის გარეთ მიმდინარე მოვლენებთან,” განაცხადა თომას ფინგარმა, აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის დირექტორის მოადგილემ და ნაციონალური დაზვერვის საბჭოს ხელმძღვანელმა 11 ივლისს.


აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენელმა ეს განცხადება აშშ-ს კონგრესის სამხედრო საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან გლობალური უსაფრთხოების შეფასების  22-გვერდიანი მოხსენება წარადგინა.


”თუ კოსოვო მომავალი წლისთვის დამოუკიდებლობას მოიპოვებს ცალმხრივად , რუსეთმა მიანიშნა, რომ შესაძლოა უპასუხოს ამას საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებით, რაც სარისკო ნაბიჯია,” – განაცხადა მან.      


ივნისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში არსებულ სხვა კონფლიქტებზეც უნდა გავრცელდეს და აღნიშნა, რომ ”არ არსებობს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ კოსოვოს შემთხვევა რამით განსხვავდება სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში შექმნილი სიტუაციისაგან”.    


პუტინმა ასევე ღიად განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობამ შესაძლოა ”ნეგატიური პროცესები” გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობასაც. დმკვირვებელთა ვარაუდით, რუსეთის ცდილობს, რომ კიდევ უფრო გაყინოს კონფლიქტის მოგვარების პროცესი ორივე  – კოსოვოსა და პოსტ საბჭოთა სივრცის კონფლიქტების  – შემთხვევაში.


”რუსეთი ესწრაფვის სიტუაციის გაყინვის ლეგიტიმაციას. მას სურს, რომ გაზიარებული იქნას მისი მოთხოვნა და კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდეს მხარეებს – სერბეთსა და კოსოვოს შორის შეთანხმების საფუძველზე. ამ მიდგომის საერთაშორისო დონეზე აღიარების შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი უკანა პლანზე გადავა და პრობლემა გადაწყდება მხარეთა შეთანხმების მიხედვით, თუმცა თავიდანვე ცხადია, რომ მხარეები თანხმობას ვერ მიაღწევენ და ეს პროცესი გაიწელება უსასრულოდ. აი სწორედ ამ მიდგომის ლეგიტიმაცია და გადმოტანა სურს რუსეთს პოსტსაბჭოთა კონფლიქტებთან მიმართებაში,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა არჩილ გეგეშიძემ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button