skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი არ აპირებს ”ზურგი შეაქციოს” კოკოითის რეჟიმს

მოსკოვი უარყოფს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ”პრინციპული” პოლიტიკის გადახედვის შესაძლებლობას და აცხადებს, რომ არ აპირებს ”ზურგი შეაქციოს” ცხინვალს და სანაცვლოდ, ოფიციალური კონტაქტი დაამყაროს დიმიტრი სანაკოევის დროებით ადმინისტრაციასთან.


”მოსკოვში კარგად ესმით, თუ ვის ეკუთვნის რეალურად ხელისუფლება სამხრეთ ოსეთში და ვის უჭერს სინამდვილეში მხარს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა… ამ ლოგიკის საწინააღმდეგოდ სიარულის ნებისმიერი მცდელობა არაბუნებრივი იქნებოდა. შეუძლებელია, რაც არ უნდა ძლიერად უნდოდეს ეს ვინმეს, უცებ ზურგი შეაქციო ცხინვალს და დაამყარო კონტაქტი თბილისის წარმომადგენლებთან ადგილზე, რომლებიც არ წარმოადგენენ კონფლიქტის მხარეს  და არ აქვთ არავითარი შეხება მოლაპარაკებათა პროცესთან,” – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 27 ივნისს.


”და საერთოდ ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს იმაში, რომ განვიხილოთ რამე საქართველოს ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე, როცა არსებობს საუბრის შესაძლებლობა უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებასთან,”- დასძენს ოფიციალური მოსკოვი.


9 ივნისს სანკტ-პეტერბურგში მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ პრესაში გაჩნდა ვერსიები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი შეიცვლის დამოკიდებულებას კოკოითის რეჟიმის საწინააღმდეგოდ.


”მსგავს პუბლიკაციებს, რომლებიც რუსულ პოლიტიკას დამახინჯებულ კონტექსტში წარმოაჩენს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ხელს არ უწყობს ნდობის დამყარებას მოლაპარაკებათა პროცესის მონაწილეებს შორის,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button