skip to content
ახალი ამბები

თბილისი გაეროს მეგობარ ქვეყნებს სოხუმთან დიალოგის აღსადგენად შუამავლობას თხოვს

იმ ფონზე, როცა ქართული მხარის არაერთი თხოვნის მიუხედავად, აფხაზური მხარე მოლაპარაკებებზე და ”ყოველგვარ კონტაქტზე” უარს აცხადებს, თბილისი მიმართავს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფს, ”რათა დაჟინებით მოუწოდოს აფხაზურ მხარეს დაუყონებლივ ჩაებას ამგვარ დიალოგში”, – აცხადებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


აფხაზური მხარე მოლაპარაკებების განახლებაზე უარს აცხადებს მანამ, სანამ კოდორის ხეობას ქართული შენაერთები და ლეგიტიმური მთავრობა არ დატოვებს.


31 მაისს გავრცელებილ განცხადებაში ქართული მხარე ასევე მოუწოდებს გაეროს გენერალური მდივნის პირად წარმომადგენელს ჟან არნოსა და მეგობარი ქვეყნების ჯგუფს ”რაც შეიძლება მალე მიიღონ შესაბამისი ზომები ”ჟენევის ფორმატში” შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სადაც უსაფრთხოების საკითხები; ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ნებაყოფლობით დაბრუნების უფლების განხორციელება; ეკონომიკურ და ადამიანურ განზომილებებსა და რეგიონის ეკონომიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.


ქართული მხარე ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი იწყებს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაზე მსჯელობას.


”[ეს საკითხი] ამჟამად სოხუმის რეჟიმის პარლამენტში განხილვის სტადიაშია. ფაქტიურად, პროექტის მთავარი მიზანია საკანონმდებლო დონეზე დააკანონოს ძირითადად ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შედეგები, რაც დაგმობილია ეუთოს ბუდაპეშტის (1994), ლისაბონის (1996) და სტამბოლის (1999) სამიტების დოკუმენტებში და წინმსწრები მოქმედებებით გამორიცხოს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ადგილნაცვალ პირთა/ლტოლვილთა დაბრუნების შესაძლებლობა – სოხუმის რეჟიმის მიერ არაერთხელ დადასტურებული ვალდებულება,”- აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


ქართული მხარის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მანიპულაციებით, სოხუმი ”მიზანმიმართულად” ცდილობს ბათილად ცნოს 1993 წლიდან მიღწეული შეთანხმებები.


დიალოგის არ არსებობის პირობებში, თბილისის განცხადებით, ფერხდება ადამიანის უფლებებისა და გალის რეგიონში გაეროს სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის განლაგებასთან დაკავშირებული უშუალო მოქმედებები, რაც გათვალისწინებულია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით,


”გარდა ამისა, აფხაზური მხარე პრინციპული დასაბუთების გარეშე უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ კონფლიქტის ზონის სარეაბილიტაციო პროგრამაში და უსაფუძვლო მოთხოვნებით ხელს უშლის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას. ესეც აშკარად გამოხატულ ტენდენციაზე მიუთითებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button