skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა საბაჟოს უფროსი მოხსნა

დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ანთელიძე მას შემდეგ, რაც თბილისის საბაჟო ტერმინალ ოპიზას მუშაობას ადგილზე გაეცნო და განბაჟების პროცედურის მომლოდინე მოქალაქეების პრეტენზიები მოისმინა.

”ყველანი გაყარეთ [საბაჟო] სამსახურიდან ახლავე, აიყვანეთ ახალი ხალხი, მიეცით 1000 ლარი ხელფასი, მიეცით ზუსტი ინსტრუქციები, ზუსტი დავალება, რომ მეორედ აღარ დავინახო ადამიანებს ასე აწვალებდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის მისამართით.

ზურაბ ანთელიძე შარშან აპრილში გადაურჩა თანამდებობის დატოვებას მაშინ, როცა პრეზიდენტმა ანალოგიური მოტივით მკაცრად გააკრიტიკა მისი მუშაობა.


პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს მთავრობის წევრებთან ერთად საბაჟო ტერმინალს მთავრობის სხდომიდან ეწვია. მანამდე მან მთავრობის სხდომაზე საბაჟო სამსახური არაეფექტური მუშაობის გამო გააკრიტიკა.


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იანვარი იყო რეკორდული საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის თვალსაზრისით, მან ასევე განაცხადა, რომ ”არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა კრიტერიუმები”.


”თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება კლიენტების მომსახურება, იმ ხალხის, რომლებიც ტვირთით მოადგნენ საქართველოს საზღვარს და გადიან საბაჟო პროცედურებს, რამდენად გამარტივებულია და გასაგებია პროცედურები, რამდენად კომფორტულია კეთილსინდისიერი გადამხდელის და არაკონტრაბანდისტი მეწარმისთვის საგადასახადო-საბაჟო სტრუქტურასთან ურთიერთობები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


მისი თქმით, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო უწყებების ეფექტურება მოქალქეების მომსახურების კუთხით.


”ჩვენ რა თქმა უნდა კონტრაბანდისაგან უნდა დავიცვათ ბაზარი, მაგრამ სწორედ ამიტომ გავამარტივეთ საბაჟო კოდექსი, პროცედურები, საბაჟო ტარიფები პრაქტიკულად ნულზე დავწიეთ იმის გამო, რომ არ გავუმწაროთ სიცოცხლე ჩვენს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.


”მოქალაქე უნდა მოდიოდეს თქვენს უწყებაში, როგორც რაღაც ზეიმზე, როგორც იმ ადგილზე, სადაც მას სიხარულით ელიან, როგორც მის მიერ დაქირავებული ადამიანები მას ემსახურებიან მთელი ენთუზიაზმით”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს.


მან ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი პრობლემა არის თანამშრომელთა არაკომპეტენტურობა. 


”მე ვიცი შემთხვევა, როცა მიწერეს საგადასახადო სამსახურს და ეკითხებიან რამდენია საქართველოში საშემოსავლო გადასახადი და მე-6 თვეა არ არის პასუხი. ვერავინ ვერ იღებს თავის თავზე გამბედაობას, რომ პასუხი გასცეს.  დაბალ ეშელონებში, ზოგჯერ მაღალ ეშელონებშიც, მომუშავე პერსონალი ხშირად არის ძალიან არაკომპეტენტური და უბრალოდ თავს არ იწუხებს და ეშინია გადაწყვეტილების მიღების და ყველაზე უფრო უსაფრთხოა ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება და ერთმანეთზე გადაბრალება. ამის გამო უსაშველოდ იწელება და რთულდება პროცედურები და ყველაფრიდან ზარალდება მეწარმე”, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button