ახალი ამბები

ემირატები საქართველოში 817 მილიონიან ინვესტიციას გეგმავს

რას ალ-ხაიმას საამირო და საქართველო ბიზნესის სფეროში პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რაც საქართველოში უძრავი ქონების სფეროში 817 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს, იტყობინება GulfNews -ი 18 თებერვალს.


ეს გარიგება რას ალ-ხაიმას მმართველის მოადგილემ, შეიჰ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განიხილეს. ეს უკანასკნელი 15-17 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ ემირატებს სტუმრობდა.


შეთანხმება ითვალისწინებს თბილისში 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე საცხოვრებელი ფართის  – ”თბილისის სიმაღლეები” მშენებლობას და ასევე უმსხვილესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას 150 000 კვადრატულ მეტრზე, იტყობინება Gulfnews-ი.


შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებას.


”ის გამოცდილება, თუ როგორ მოახერხა ემირატებმა თავისი ეკონომიკა ენერგოდამოკიდებულიდან ფართოდ დივერსიფიცირებულ ეკონომიკაზე გადაეყვანა, დიდ იმედებს გვიმყარებს, რადგან თუ ეს შესაძლებელი გახდა აქ, საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა Gulfnews-ს.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და რას ალ-ხაიმამ, სპარსეთის ყურეს ჩრდილოეთით მდებარე საამირომ, მოახერხეს ”დროის მოკლე პერიოდში მჭიდრო პარტნიორობის” დამყარება. 
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button