skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს კომისარი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი 14 თებერვალს ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აქიშბაიას შეხვდა.


თბილისში 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ევროპის საბჭოს კომისარმა განაცხადა, რომ მას დრო არ ჰქონდა ზემო კოდორის ხეობაში ჩასულიყო, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაა განთავსებული.


მისი თქმით, ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა მას უჩვენეს ვიდეო ფილმი, რომელიც ასახავს ზემო კოდორის ხეობაში გასული წლის ივლისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. 


”ჩვენი პრინციპია ვიქონიოთ კონტაქტი ამ პროცესში ჩართულ ყველა პირთან. ჩვენ არ გვაინტერესებს ვის აღიარებენ დღეს და ვის არა, ჩვენ ვამყარებთ კონტაქტს ყველასთან, ვისაც შეუძლია უზრუნველყოს ცალკეულ ინდივიდთა უფლებების დაცვა. ასე რომ, სავსებით ლოგიკურია, რომ ჩვენ ამ წარმომადგენლებს შევხვდით”, – განაცხადა ჰამარბერგმა.


სოხუმი აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას თბილისის ”მარიონეტულ მთავრობას” უწოდებს და მის დათხოვნას მოითხოვს. იმ ფაქტმა, რომ გასული წლის სექტემბერში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებით ზემო კოდორის ხეობაში განთავსდა, სოხუმის გაღიზიანება გამოიწვია.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროპის საბჭოს კომისარი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მას ”ნიშანდობლივი” უწოდა, ”ვინაიდან ლეგიტიმური ხელისუფლება წარმოადგენს, როგორც უკვე აღვნიშნე, სამას ათას დევნილს.”


”ეს არის ფაქტი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ლეგიტიმური ხელისუფლების ძალიან სამართლიანი მოთხოვნების მიმართ და ეს გახლავთ ძალიან კარგი ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ესაუბრებოდეს არა მარტო სეპარატისტებს სოხუმში, არამედ ისმენდეს იმ ხალხის აზრს, რომელიც წარმოადგენს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button