ახალი ამბები

ევროპის საბჭოს კომისარი: სოხუმი გალში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნაზე თანახმაა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის მხარი დაუჭიროს გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას, განაცხადა ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგმა თბილისში 15 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჰამარბერგმა, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთსაც ესტუმრა, განაცხადა, რომ იგი გალის რაიონშიც ჩავიდა, რათა სკოლებში არსებული სიტუაცია და იქ განათლების ქართულ ენაზე მიღების შესაძლებლობა შეეფასებინა.


”სიამოვნებით მინდა განვაცხადო იმის შესახებ, რომ აფხაზმა ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ გალის რაიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას. ჩვენ შევეცდებით ვიქონიოთ კონტაქტი ამ ოფისთან და უზრუნველვყოთ, რომ მან შეასრულოს თავისი სამუშაო მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და პატიოსანად”, – განაცხადა ევროპის საბჭოს კომისარმა. 


აფხაზური მხარე დიდი ხანია უარს აცხადებს გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნაზე იმ მოტივით, რომ ამ ტიპის ოფისი უკვე ფუნქციონირებს აფხაზეთში და ის სოხუმშია განთავსებული.


”ჩვენ სამი წლის განმავლობაში დაჟინებულად ვითხოვდით გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოში ამგვარი ოფისის გახსნას. ის პირობა, რაც სეპარატისტებმა მისცეს კომისარს, თუ არის სერიოზული, ჩვენ მივესალმებით ამას”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა პრესკონფერენციაზე.


ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოში შვიდდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში, მათ შორის აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში,  ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შეფასება. აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ჰამარბერგი სამხრეთ ოსეთსაც ესტუმრება.


ევროპის საბჭოს კომისარმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს მან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საკითხიც განიხილა.


იგი მიესალმა ახალი სტრატეგიის მიღებას, რომელიც, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მათთვის ადამიანის უფლებათა დაცვას დაბრუნებამდე. ჟენევაში იგეგმება დონორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლება ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის ფინანსურ დახმარებას მოითხოვს.


”გულწრფელად რომ ვთქვა,  დღეს 200 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის ცხოვრების პირობები არადამაკმაყოფილებელია და მათი  ძირითადი უფლებები არ არის დაცული.  მე ვაცნობიერებ, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას აკისრია თავისი ვალდებულება”, – განაცხადა კომისარმა. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button