ახალი ამბები

აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ელექტროგადამცემ ხაზს ააშენებენ

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ლიდერები 7 თებერვალს თბილისში შეთანხმდნენ დაიწყონ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით თურქეთთან დააკავშირებს.


”ჩვენ შევთანხმდით მხარი დავუჭიროთ ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის რესპუბლიკამდე, ასევე სხვა პროექტებს, რომლებიც გააფართოებს ელექტროენერგიის გაცვლას მხარეებს შორის მომავალში”, – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელსაც საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოგანმა მოაწერეს ხელი.


რეგიონალური თანამშრომლობის საერთო ხედვის თბილისის დეკლარაცია  ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტების, მათ შორის ნავთობსადენის, გაზსადენისა და სარკინიგზო პროექტების განხორციელებით, სამი ქვეყანა ”გრძელვადიან და პროგნოზირებად” ურთიერთობებს იწყებს.


დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით საინვესტიციო პროექტებს შეისწავლის. 


”იმისათვის, რომ რეგიონის საერთო პერსპექტივაში შევიტანოთ წვლილი, ვთავაზობთ ჩვენს მეზობლებს, რომ შემოგვიერთდნენ”, – ნათქვამია დეკლარაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button