skip to content
ახალი ამბები

შსკ–ს თანათავმჯდომარეები ცხინვალში შეხვედრას გამართავენ

27 დეკემბერს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეები ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდებიან. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო მთავრობის ვიცე–პრემიერზე, შსკ–ში სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.


“ამ შეხვედრაზე იგეგმება მოლაპარაკებათა პროცესში დაგროვილი პრობლემების განხილვა, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა, როცა ქართული მხარე უსაფუძვლოდ შლის მოლაპარაკებათა პროცესს. ჩვენ განვიხილავთ ურთიერთმისაღებ წინადადებებს, რომელიც ქართულ–ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ იქნება მიმართული“, – აცხადებს ჩოჩიევი.


მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ, რომელმაც 19 დეკემბერს თანხმობა განაცხადა შსკ–ს თანათავმჯდომარეებთან  არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობაზე, შესთავაზა ედუარდ კოკოითთან  არაფორმალური შეხვედრის ცალკე გამართვა.

თუმცა სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მსგავსი შეთავაზება არ დაადასტურა. მეტიც, განაცხადა, რომ ქართული მხარე უარს იტყვის შეხვედრაზე იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას ედუარდ კოკოითი მიიღებს.


“ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანია არა შედეგი, არამედ მათ სურთ დაანახონ მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ქართულ და ოსურ მხარეებს შეუძლიათ შეხვედრა ორმხრივ ფორმატშიც გამართონ“, – აცხადებს ჩოჩიევი.


მისი ინფორმაციით, ცხინვალის შეხვედრას საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივიც დაესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button