ახალი ამბები

ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ეუთოს როლის ზრდას სამხრეთ ოსეთში

ბრიუსელში 4 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოუწოდეს ეუთოს უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთო კონფლიქტებისადმი „ცალმხრივი პოლიტიზირებული მიდგომების მხარდაჭერის“ იარაღად გამოიყენება.


აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნიკოლას ბერნსმა მინისტრთა საბჭოს განუცხადა, რომ საქართველო და მოლდოვა „უზარმაზარი ზეწოლის“ ქვეშ იმყოფებიან, ხოლო გაჭიანურებული კონფლიქტები და გარეშე საფრთხეები აფერხებენ მათ „ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას“.


„სანამ ეს ქვეყნები შიგნით გახლეჩილები არიან, და სანამ გრძელდება ღია მხარდაჭერა სეპარატისტული რეჟიმების მიმართ, ამ ქვეყნებს გაუჭირდებათ თავიანთი პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა ნიკოლას ბერნსმა.


მისი თქმით, ეუთომ უნდა გააფართოვოს თავისი საქმიანობა სამხრეთ ოსეთში და აიძულოს თვითგამოცხადებული რეგიონის ხელისუფლება დემილიტარიზაციისკენ ნაბიჯები გადადგას.


„ჩვენ უნდა გავზარდოთ ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობა მთელი რეგიონის მასშტაბით და ვეცადოთ ერთობლივი ქართულ/რუსულ/ეუთოს მონიტორინგის დამყარება როკის გვირაბზე“, – განაცხადა ბერნსმა.


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ, რომელიც ევროკავშირის სახელით გამოვიდა, განაცხადა, რომ ეუთოს შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერების კითხით „სრულად უნდა იქნას გამოყენებული – მაგალითად, სამხრეთ ოსეთის რეგიონში ეუთოს მიერ უფრო ფართო მონიტორინგის განხორციელების გზით“.


მან ასევე განაცხადა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი განცხადებები და ქმედებები, რომლებიც შესაძლოა კითხვის ქვეშ აყენებდეს ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და აქეზებდეს სეპარატისტულ რეჟიმებს.


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული დაძაბულობისა და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხციელებული ქმედებების შედეგების გამო.


მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეუთო „გაყინული“ კონფლიქტების მოგვარებისადმი „ცალმხრივი პოლიტიზირებული მიდგომების მხარდაჭერის იარაღად გამოიყენება, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალურ მცდელობებთან მათი ხანგრძლივი მოგვარების მიზნით“.


„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარმა ქმედებებმა შესაძლოა მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციამდე მიგვიყვანოს და მოგვარება შეაფერხოს“, – განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ კონფლიქტებთან დაკავშირებით  ფუნდამენტალური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს, რაც გულისხმობს  „არსებული მოლაპარაკებების და სამშვიდობო ფორმატებისადმი კეთილსინდისიერ მიდგომას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button