skip to content
ახალი ამბები

დანიელ ფრიდი საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე და კონფლიქტებზე საუბრობს

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს დაეხმაროს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ “საქართველოზეა დამოკიდებული გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც  სჭირდება ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად“, განაცხადა აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 29 ნოემბერს.


“ეს არ გულისხმობს მხოლოდ მისი დემოკრატიული ინსტიტუტების და ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ საქართველოს შიგნით ტერიტორიული დავების მშვიდობიან მოგვარებასაც“, – განაცადა მან.


ამერიკელი დიპლომატის თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბუში “ცდილობს საქართველოს ალიანსში შეყვანას“.


“ჩვენი პოზიცია უფრო ის არის, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გააკეთოს ის საქმე, რისი გაკეთებაც სჭირდება… მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი ემხრობა იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს შანსი გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც სჭირდება“, – უპასუხა მან თხოვნას კომენტარი გაეკეთებინა პრეზიდენტ ბუშის “მცდელობაზე შეეყვანა საქართველო ნატოში“.


ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს რიგის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ღია კარის პოლიტიკა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ “ალიანსს ნათლად ესმის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი“.


მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოს რიგის სამიტზე მიღებულმა დეკლარაციამ მხარი დაუჭირა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.


“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატომ ამის შესახებ განაცხადა; ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ამ ქვეყნების მიმართ… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ცარიელი ჩეკი აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ამ გაყინული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარებაა შესაძლებელი… ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ მიდი, განაიარაღე და დაიწყე რაღაც ომი. ეს ნიშნავს, პოლიტიკური მოგვარების გზების მოძებნას მიაღწიო ხალხთან და ხელისუფლებასთან გაყინული კონფლიქტების ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენ დიპლომატიით დავეხმარებით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ნატო გულგრილი არ არის ამის მიმართ. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია“, – განაცხადა ფრიდმა.
   
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთს საფრთხეს არ უქმნის.


“ჩვენ ყველამ ვიცით რუსეთის წუხილების თაობაზე. მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტო და არც არასდროს ჰქონია ვეტო ნატოს წევრობაზე… რუსეთი განსხვავებულ აზრზეა, მაგრამ მე ვფიქრობ საბოლოო ჯამში და გარკვეულ დონეზე მათ ესმით, რომ უკეთესია ევროპა იყოს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი, ვიდრე იყოს დაყოფილი, არასანდო და ექსტრემისტული იდეოლოგიებისადმი მიდრეკილი“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button