skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი: საქართველო-ირანის გრძელვადიანი ენერგოპარტნიორობა მიუღებელია

საქართველოსა და ირანს შორის ენერგოსაკითხებში გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა მიუღებელია, განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა გაზეთ “კვირის პალიტრა” –სთან ინტერვიუში, რომელიც 27 ნოემბერს გამოქვეყნდა.


ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გაგებით მოეკიდა საქართველოს და ირანს შორის 2006 წლის იანვარში მიღწეულ მოკლევადიან გარიგებას, როდესაც საქართველოს ფორსმაჟორულ ვითარებაში ირანიდან მოუწია გაზის შემოტანა, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ ოსეთში ორ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთიდან გაზის იმპორტი შეწყდა.


მისი თქმით, აშშ-ს პოზიცია ემყარება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ირანზე და ამ უკანასკნელის ბირთვულ პროგრამას.


17 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ საქართველო “რთულ მდგომარეობაში” ჩავარდა მას შემდეგ, რაც “გაზპრომმა” განაცხადა, რომ საქართველოს გაზის ფასს უორმაგებს.


“თუ საქართველო, ამგვარი ზეწოლის ქვეშ, ფიქრობს, რომ სადმე სხვაგან მოძებნოს გაზი და პირველ რიგში აზერბაიჯანს მოიაზრებს მომწოდებლად, ჩვენ ეს გვესმის. თუ აზერბაიჯანი სხვადასხვა მომწოდებლებისგან იღებს გაზს, თუნდაც ეს იყოს რუსეთი, ირანი ან თავად აზერბაიჯანი, ეს ცალკე საკითხია. მაშინ როდესაც ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს ირანთან მიმართებაში, ნამდვილად არ გვინდა, რომ საქართველო, ან სომხეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ ენერგორესურსის გარეშე დარჩნენ ზამთარში“, – განაცხადა ბრაიზამ.


ბრაიზას მიერ გაკეთებული განცხადება ბევრმა საქართველოში აღიქვა, როგორც ვაშინგტონის თანხმობა საქართველოს ენერგოთანამშრომლობაზე ირანთან.


თუმცა, “კვირის პალიტრა“-სთან ინტერვიუში აშშ-ს ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ “მეთიუ ბრაიზას ამ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა“.


 

This post is also available in: English

Back to top button