ახალი ამბები

მეგობარი ქვეყნების ჯგუფი მიესალმება სამშვიდობო ჯარებს აფხაზეთში

გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მაღალი რანგის დელეგაციამ 25 მაისს თბილისსა და სოხუმში ვიზიტების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსული სამშვიდობო ძალები მასტაბილიზირებელ როლს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში.


დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნორბერტ ბაასი, რომელიც ასევე ამ ჯგუფის კოორდინატორი იყო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ბელინ ლორენსი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ ბოჩარნიკოვი, გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, სერ ბრაიან ფოლი და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა.


“ჩვენი მთავარი მიზანი იყო ხაზი გაგვესვა, თუ რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მთავარ პუნქტებს… პირველი მათგანია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულება აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა… მეორე, მიღწეულ იქნას კონფლიქტის გრძელვადიანი და საბოლოო მოგვარება… მესამე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ ორივე [ქართულმა და აფხაზურმა] მხარეებმა უნდა გამოიყენონ არსებული მექანიზმები, როგორც ეს აღწერილია უშიშროების საბჭოს ყველა შესაბამის რეზოლუციაში, რათა მშვიდობიან მოგვარებას მიაღწიონ ყველა ადრე მიღებული შეთანხმებების შესაბამისად“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა ნორბერტ ბაასმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმ პუნქტებს, რომლებიც რუს სამშვიდობოებს უკავშირდება. 


“გვჯერა, რომ დსთ-ს სამშვიდობოები ამჟამად მასტაბილიზირებელ როლს ასრულებენ კონფლიქტის ზონაში… ეს იყო ჩვენი შეხედულება ვიზიტამდე და ეს არის ჩვენი შეხედულება სოხუმიდან დაბრუნების და გალში შეჩერების შემდეგ“, – განაცხადა ბაასმა.


მისი თქმით, ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მთავარ სამხედრო დამკვირვებელთან შეხვედრის დროს და “მანაც დაადასტურა ეს შეხედულება“.


“იგი ასევე მიესალმა თანამშრომლობას დსთ-ს სამშვიდობო ძალებთან“, – დასძინა მან.


“ყველა ჩვენგანი იზიარებს იმ შეხედულებებს, რომლებიც ელჩმა ბაასმა გააჟღერა“, – გააჟღერა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ.


ბრაიზა მიესალმა ქართული და აფხაზური მხარეების სურვილს განიხილონ ნდობის აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები.


“არსებობს რეალური და კონკრეტული განხილვის ახალი სურვილი და ახალი ენთუზიაზმი და ეს სულისკვეთება იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ შევძლებთ ორი მხარე უფრო დადებითი მიმართულებით წავიყვანოთ… ვცდილობთ, ორივე მხარეს დავეხმაროთ გაუჩნდეთ ერთმანეთის მიმართ უსაფრთხოების შეგრძნება”, – განაცხადა ბრაიზამ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button