ახალი ამბები

თბილისი ცხინვალს ერთობლივ ღონისძიებებს სთავაზობს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ბორის ჩოჩიევს ცხინვალის რეგიონში არსებული სკოლების კეთილმოწყობის და სასკოლო ინვენტარით აღჭურვის ინიციატივით და ასევე რესტიტუციის შესახებ კანონპროექტის განხილვის წინადადებით მიმართა.


ქართული მხარე განათლების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად თბილისისა და ცხინვალის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. 


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შემუშავებულია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს  სკოლების 30-35 კომპიუტერით აღჭურვას, პირველი კლასის მოსწავლეების სახელმძღვანელობით მომარაგებას, ოსური მხარის შერჩეული ერთ-ერთი სკოლის რეაბილიტაციას და კონფლიქტის ზონაში არსებული დანარჩენი სკოლების რემონტს.


ქართული მხარე ადგილობრივ და საერთაშორიოს კონკურსებში ცხინვალელი ბავშვების ჩართვის ინიციატივითაც გამოდის.


თბილისი ასევე სთავაზობს ცხინვალს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და რეაბილიტაციის შესახებ” კანონპროექტი განხილვას, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.


აღნიშნული კანონპროექტი უარყოფითად უკვე შეაფასა ბორის ჩოჩიევმა და მას თბილისის “მორიგი რეკლამა უწოდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button