ახალი ამბები

პოლიტიკური კონფრონტაცია ოპოზიციის ბოიკოტში გადაიზარდა

7 აპრილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა  ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელშიც მოთხოვნები წაუყენეს ხელისუფლებას. მათი ულტიმატუმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ოპოზიცია 31 მარტს გამოცხადებული ბოიკოტის უვადოთ გაგრძელებით იმუქრება. მემორანდუმი პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს 10 აპრილს მას შემდეგ გადაეცემათ, რაც 36–ვე ოპოზიციონერი დეპუტატის ჩათვლით, მას სხვა მსურველებიც მოაწერენ ხელს.

მემორანდუმში სამი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული:

1. საარჩევნო კოდექსში დემოკრატიული ცვილილებების შეტანა – საარჩევნო ადმინისტრაციის, რომელსაც ოპოზიცია “ერთპარტიულად“ მოიხსენიებს, პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტება და ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას;

2. ქალაქების მერებისა და რაიონების გამგებლების პირდაპირ არჩევნები;

3. შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენება, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს რეორგანიზაცია და შსს–სა და მმართველი პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი, როგორც ოპოზიცია უწოდებს, “ზონდერ ბრიგადების“ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. 

მემონადუმის შინაარსზე ოპოზიციურ ფრაქციებს  – დემოკრატიულ ფრონტს, ახალ მემარჯვენეებსა და მრეწველებს შორის გამართული ერთკვირიანი კონსულტაციების მიუხედავად, ნათლად გამოჩნდა, რომ მათ შორის პოზიციები ბოლომდე შეთანხმებული მაინც არ იყო.
 
მაშინ როცა 7 აპრილს მემორანდუმს ხელს აწერდნენ დემოკრატიული ფრონტისა და ახალი მემარჯვენეების დეპუტატები, უკვე შეთანხმებულ ტექსტზე ცალკე კონსულტაციებს მართავდნენ  მრეწველთა ფრაქციის წარმომადგენლები – ახალი მემარჯვენეების ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები, რომელთა გზებიც ცოტა ხნის წინ გაიყარა. სავარაუდოდ, ამ მიზეზით ვერც კონსულტაციების პერიოდში, როცა დემოკრატიული ფრონტი დანარჩენ ორ ფრაქციას შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ვერც ხელმოწერის ცერემონიალზე სამივე ოპოზიციური ფრაქციის ერთად შეკრება ვერ მოხერხდა, რამაც მათ ‘ერთიანობას’ ჩრდილი მიაყენა. 

მრეწველთა ქცევაზე გამოითქვა ეჭვი, რომ ისინი ბოლო მომენტში ხელისუფლების ზემოქმედების შედეგად უარს იტყოდნენ მემორანდუმთან შეერთებაზე, რაც არ გამართლდა და მრეწველებმა ხელისუფლებას, მემორანდუმზე დანართის სახით, დამატებითი მოთხოვნები წაუყენეს: ბიზნესის შევიწროვების საკითხზე, მთელი მინისტრთა კაბინეტის გადაყენებისა და საგადასახადო კამონმდებლობის ლიბერალიზაციის თაობაზე.
 
“ჩვენ კიდევ გავამკაცრებთ ამ მოთხოვნებს და მემორანდუმს დავუმატებთ დანართს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და მთელი მთავრობის  გადადგომის თაობაზე“, – განაცხადა 7 აპრილს მრეწველთა პარტიის ლიდერმა გოგი თოფაძემ და იქვე დასძინა, რომ ისინი ამ მოთხოვნებს დანარჩენ ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციების პერიოდშიც აყენებდნენ.
 
თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება, რაც მემორანდუმში ახალი მემარჯვენეების დაჟინებული მოთხოვნით ჩაიწერა, ავტომატურად გამოიწვევს მთელი კაბინეტის გადადგომას, რადგანაც მერაბიშვილი უკვე მეექვსე მინისტრი იქნება, რომელიც გამოიცვალა 2005 წლის თებერვალში კაბინეტის დამტკიცების შემდეგ. კანონის თანახმად, მთავრობის წევრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, მთელი კაბინეტი უნდა გადადგეს. 
 
ამდენად, მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხელისუფლება ავტომატურად დააკმაყოფილებს მთავრობის გადაყენების მოთხოვნასაც.      


თუმცა 7 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა “რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ იგი გადადგომას არ აპირებს.


“მე ვაპირებ გავაგრძელო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ოპოზიციას კი უფლება აქვს თავისი მოთხოვნები წამოაყენოს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების და შემდგომ უკვე ერთობლივი მემორანდუმის მიღების გადაწყვეტილება მას შემდეგ დაიბადა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ რესპუბლიკელი ვალერი გელაშვილი 31 მარტს პარლამენტიდან გარიცხა.


კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში 7 აპრლის განაცხადა, რომ ამჟამად პოლიტიკაში მიმდინარეობს “თამაში წესების გარეშე“, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.


“ჩვენ გვინდა, რომ რამენაირად ვაიძულოთ ხელისუფლება გაკრვეული წესებით ითამაშოს”, – დასძინა მან.
 
ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის მაგალითებად მემორანდუმში ჩამოთვლილია ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ თავდასხმა, დეკემბერში თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილება ვალერი გელაშვილისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. 


“ეს არის ბოლოდროინდელი მოვლენების აღწერითი დოკუმენტი. უბრალოდ ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან გაძევება ის ბოლო წვეთი იყო, რომელმაც გვაიძულა, რომ ბოიკოტი გამოგვეცხადებინა. ამ ადამიანის წინააღმდეგ ხელისუფლებამ განახორციელა ყველა ის ქმედება – სიტყვის თავისუფლებას ძალადობრივი თავდასხმით უპასუხა, ბიზნესი შეუვიწროვა, ცილი დასწამა და ბოლოს უსაფუძვლოდ გააგდო პარლამენტიდან – რაც არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მთელი საზოგადოების პროტესტს იწვევს“, – განუცხადა 7 აპრილს ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთმა ლიდერმა ფიქრია  ჩიხრაძემ “სივილ ჯორჯიას“. 
 
“პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით“ საპარლამენტო ოპოზიცია გამოხატავს მზადყოფნას ხელისუფლების პირველ პირებთან დიალოგის დაწყებაზე.  ამასთან,   მათი ულტიმატუმების დაკმაყოფილებამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს “უაზრობად მიაჩნიათ მონაწილეობა არაქმედუნარიანი პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში“.


თუმცა ჯერ–ჯერობით ოპოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, თუ რომელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში განაცხადებს თანხმობას დაუბრუნდეს პლენარულ სხდომებს.


“ერთი ცხადია, მხოლოდ ვანო მერაბიშვილის გადაყენება არ იქნება ამისათვის საკმარისი“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა 7 აპრილს.


თუმცა მრეწველები არ გამორიცხავენ, რომ ეკონომიკური საკითხების განხილვის დროს პლენარულ სხდომებში მონაწილეობა მიიღონ. 
 
“იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონფრონტაციის მოსახსნელად არ იქნება მიღებული რეალური ზომები…, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“, – აცხადებენ ოპოზიციონერი დეპუტატები მემორანდუმში.
 
მმართველი პარტიიდან ჯერ–ჯერობით არ ჩანს იმის ნიშანი, რომ ისინი ოპოზიციის ერთი მოთხოვნის გათვალისწინებას მაინც აპირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან დიალოგი მიმდინარეობს. ხელისუფლებასთან კონსულტაციების გაგრძელებაზე საუბრობს ასევე მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძეც.


“დიდი ნაწილი მოთხოვნებისა არის აბსურდული, იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მომავალ კვირას შემოვლენ დარბაზში, თუმცა თუ ასე არ მოხდა, ვერც ამაში ვხედავთ ტრაგედიას“, – განაცხადა 8 აპრილს მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ.
 
მეორეს მხრივ, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ბოიკოტის გზით ისინი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას მიიქცევენ. 
 
“ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ხელისუფლება ყველა ჩვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თუმცა უნდა ვაიძულოთ, რომ წამოვიდნენ დიალოგზე.  მათთვის თუ სულერთია ოპოზიციის ბოიკოტი, სამაგიეროდ ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოება, ეს კი ზეწოლის საუკეთესო გზაა“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დემოკრატიული ფრონტის თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა.

Back to top button