
საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტით და ულტიმატუმით იმუქრება
![]() |
საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ 36 დეპუტატის ბოიკოტი პარლამენტის ფუნქციონირებას ვერ შეაფერხებს. |
სამივე ოპოზიციური ფრაქციის – დემოკრატიული ფრონტის, ახალი მემარჯვენეების და მრეწველების – შეთანხმების შემთხვევაში, მემორანდუმში სავარაუდოდ, შემდეგი მოთხოვნები აისახება: შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია და მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადადგომა; საარჩევნო კოდექსში ცვილილებები და მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. ზოგიერთი ოპოზიციონერი პარლამენტარი აცხადებს, რომ საპარლამენტო სხდომების ბოიკოტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეწყდეს, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
სამივე ფრაქცია 36 პარლამენტარს აერთიანებს. მათი არდასწრება არ შეუქმნის რაიმე პროცედურულ პრობლემებს დანარჩენ 188 დეპუტატს ძირითადად მმართველი პარტიიდან, რათა პარლამენტის პლენარული სხდომები გამართონ.
31 მარტს, როდესაც სამმა ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა, არ იყო საუბარი ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის წაყენების თაობაზე.
უმრავლეობის გადაწყვეტილება დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გახდა ოპოზიციის ბოიკოტის დაწყების ოფიციალური მიზეზი. ბოიკოტი 3 აპრილს განხორციელდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ პარლამენტის ბიუროს სხდომაში. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი მხოლოდ საპარლამენტო კომიტეტების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, შეშფოთება გამოხატეს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მოუწოდეს ოპოზიციონერ კოლეგებს დაუბრუნდნენ პარლამენტს და კონსტრუქციულ საპარლამენტო მუშაობას.
“მე, რა თქმა უნდა, მივესალმები ბოიკოტის შეწყვეტას, რადგან დიალოგის რეჟიმში უკეთესია მუშაობა, ვიდრე ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პარლამენტი გააგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი საკითხები განსახილველი… პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც დაუჭერს უმრავლესობა მხარს და ქვეყნისთვის იქნება კარგი“, – განაცხადა 6 აპრილს ნინო ბურჯანაძემ.
მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატების განცხადებებმა, რომელთაც შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციის ბოიკოტის გამო, შემდგომი ნაბიჯებისკენ უბიძგეს ოპოზიციონერ დეპუტატებს. შედეგად დეპუტატმა კახა კუკავამ დაიწყო იმ მემორანდუმის ტექსტზე მუშაობა, რომელიც ოპოზიციის ერთიან პოლიტიკას განსაზღვრავდა ბოიკოტთან და ულტიმატუმთან დაკავშირებით. 4 აპრილს მემორანდუმის ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმების მიზნით ოპოზიციურ ფრაქციებს შორის კონსულტაციები დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს არსებული ვითარების გარშემო კონსულტაციების გამართვა შესთავაზა; მან ინდივიდუალური კონსულტაციები გამართა მრეწველების ლიდერთან, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძესთან 4 აპრილს და დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძესთან ახალი მემარჯვენეებიდან 5 აპრილს. დეპუტატი კახა კუკავა პარლამენტის თავმჯდომარეს 5 აპრილს შეხვდა.
ოპოზიციის განცხადებით, მემორანდუმის ტექსტი მხოლოდ მისი ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.
“სამშაბათამდე ანუ პლენარული სხდომების დაწყებამდე მემორანდუმი უკვე მზად იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მანამდეც მზად იყოს და ხელი მოვაწეროთ“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 6 აპრილს დავით ზურაბიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ კონსულტაციები მემორანდუმის გარშემო “კონსტრუქციულია“, გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა დოკუმენტის ტექსტში მოთხოვნების ფორმულირებასთან დაკავშირებით.
“მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნა, რაც ჩვენი ბოიკოტის გამოცხადებამდეც იდგა დღის წესრიგში [სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო], აუცილებლად აისახება მემორანდუმში, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით რა ფორმით – იქნება ეს ცალკე მოთხოვნის სახით თუ პრეამბულაში“, – განაცხადა 6 აპრილს დავით ზურაბიშვილმა.
სამ ოპოზიციურ ფრაქციას შორის გამართული კონსულტაციების პროცესმა ასევე გამოავლინა ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებს – ახალ მემარჯვენეებს და მრეწველებს შორის არსებული დაპირისპირების ტენდენცია. ახალმა მემარჯვენეებმა მრეწველებთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და მათ შორის შუამავლის როლს დემოკრატიული ფრონტი ასრულებდა. დეპუტატებმა მრეწველთა პარტიიდან დატოვეს ფრაქცია მემარჯვენე ოპოზიცია და 2006 წლის თებერვალში დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მოთხოვნებს შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი, რომელიც უშიშროების სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ „მონსტრად“ გადაიქცა, ასევე მერებისა და გუბერნატორების პირდაპირი არჩევის საკითხი, სამართლიანი და თავისუფალი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მყარი გარანტიები.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უკვე უწოდეს ამ მოთხოვნებს “არარეალისტური“.
“თუ იქნება კონკრეტული კონსტრუქციული საკითხები დაყენებული, ყველა ამ საკითხის განსახილველად ჩვენ მზად ვართ, მაგრამ თუ იქნება ულტიმატუმის დაყენება და მოთხოვნების შესრულება, ეს ნამდვილად არ გამოიწვევს არანაირ პოზიტიურ შედეგებს“, – განუცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ 6 აპრილს ჟურნალისტებს.
დეპუტატმა გიგა ბოკერიამ 5 აპრილს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარების გადაწყვეტილება პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების თაობაზე არის ან მათი “პოლიტიკური მარცხის“ გამოხატულება, ან ადასტურებს, რომ “ოპოზიცია პოლიტიკური რეალობიდან ძალიან შორსაა“.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ხელახლა დაიწყოს ხელისუფლებაზე თავდასხმა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე მოგერიებულ იქნა. თბილისის მერის არაპირდაპირი არჩევის წესი პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა, ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლებას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მმართველმა პარტიამ ნათლად განაცხადეს მარტში, რომ მის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიცია მერაბიშვილის გადაყენებას ვალერი გელაშვილზე დეპუტატობის დროს განხორციელებული თავდასხმის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოუძიებლობის გამო მოითხოვს.