
სააკაშვილი: ტერიტორიების გამოყოფას ვერასოდეს შევეგუებით
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ვრემია ნოვოსტეი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით ქართული მხრიდან საომარი განცხადებები არ კეთდება. პრეზიდენტის თქმით, თბილისი სოხუმსა და ცხინვალს საქართველოს ფარგლებში ძალიან ფართო ავტონომიას სთავაზობს და საუბრის გაგრძელება კოსოვოს ვარიანტის საქართველოში გამოყენებაზე საერთაშორისო საზოგადოებაში მეტ სკეპტიცისმს წარმოშობს.
“რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ მოსკოვში კოსოვოს ვარიანტის გამოყენებაზე, მით უფრო მეტად სკეპტიკური დამოკიდებულება გაჩნდება მსოფლიოში ამის მიმართ. სერიოზული რეაქციები უკვე წამოვიდა ევროპის დედაქალაქებიდან, აშშ–დან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ეს უფრო ამყარებს საქართველოს პოზიციებს ნებისმიერ მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“ეთნიკური ოსები და ეთნიკური აფხაზები – ეს საქართველოს ისტორიის და კულტურის, საქართველოს მომავლის მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი ნაწილები არიან. ჩვენ პატივს ვცემთ მათ. ქართველებთან და სხვებთან ერთად აბსოლუტურად თანაბარი უფლებებით მათ უნდა გადაწყვიტონ სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხები“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი “ვრემია ნოვესტეი“–ში 4 აპრილს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
“კონფლიქტების ისტორიის გათვალისწინებით, მათ არა მხოლოდ უნდა ჰქონდეთ ძალიან ფართო ავტონომია, არამედ გარანტირებულად უნდა იყვნენ წარმოდგენილები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში და ჰქონდეთ შესაძლებლობა გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა იქონიონ“, – აცხადებს პრეზიდენტი.
მისი თქმით, მსოფლიოში არავის შეუთავაზებია კონფლიქტური მხარეებისთვის იმაზე მეტი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს სთავაზობს.
“სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ შევადგინეთ სია… ავტონომია, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სრული თვითმმართველობა, კულტურის განვითარება, ენა, ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებში წარმომადგენლობა, რუსეთის საზღვრის გამარტივებულად გადაკვეთა, დევნილთა დაბრუნება, რესტიტუცია. ყველაფერი, რაზეც ისინი ოდესმე ფიქრობდნენ და ხმამაღლა არც საუბრობდნენ… ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე არ გვენდობიან. მაგრამ ხომ არსებობს გარანტიები! გარანტები უნდა იყვნენ ევროკავშირი, დიდი ქვეყნები – რუსეთი, აშშ. საჭიროა ნდობის აღდგენა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, ასეთივე მიდგომაა აფხაზეთის მიმართ. თუმცა რაც უფრო გაიწელება სამშვიდობო პროცესი, მით უფრო მეტი იფიქრებს კონფრონტაციაზე. “თუმცა მეორეს მხრივ, საქართველო დინამიურად ვითარდება“ და სამ–ოთხ წელიწადში ეკონომიკური განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგება.
“ყველამ უნდა გაიგოს: არასოდეს საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ შეეგუება ამ ტერიტორიების გამოყოფას“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.