skip to content
ახალი ამბები

ხაინდრავამ რუსეთის ელჩთან შსკ-ზე მიღწეული შეთანხმებები განიხილა

დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ საქართელოში რუსეთის ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან შეხვედრისას 27-29 მარტს ვალდიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის შედეგები განიხილა.


ვლადიკავკაზში 27-29 მარტს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ 10–კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეიმუშავებს სამშვიდობო პროცესის ერთობლივ სამოქმედო პროგრამას, სადაც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.


გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას უახლოეს პერიოდში გაუგზავნიან მხარეები ერთმანეთს. ჯგუფის საბოლოო შემადგენლობა და მუშაობის დღის წესრიგი კი ცხინვალში შსკ-ს სდომაზე განიხილება, რომელიც სავარაუდოდ, 20-დან 25 აპრილამდე ჩატარდება.


“ეს არის სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეათანხმებს განსხვავებულ პოზიციებს. არსებობს[სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თბილისის] სამშვიდობო გეგმა , რომელიც მოწონებულია მთელი მსოფლიოს მიერ და არსებობს [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ] კოკოითის ინიციატივები…[ორივე მიდგომაში] პრაქტიკულად, 75% იდენტური პოზიციებია“, – განაცხადა ელჩთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ხაინდრავამ.


ვლადიმერ ჩხიკვიშვილის შეფასებით, გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის ზონაში არსებული დაძაბულობის მოსახსნელად და პრობლემების მოგვარებისკენ.


“ახლა მთავარია რეალიზება მოხდეს იმ შეთანხმების, რომელიც იქ [ვლადიკავკაზში] არის მიღწეული“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.


სახელმწიფო მინისტრის და რუსეთის ელჩის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ასევე ცხინვალის რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის დაწყება.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებული საკითხების “მინიმუმის“ განხორციელებას ხელი შეეშლება და რუსეთი, როგორც ამ შეთანხმებების შესრულების გარანტი, არ გადადგამს პოზიტიურ ნაბიჯებს,  “შსკ-ს ფორმატში მუშაობის გაგრძელება აზრს დაკარგავს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button