skip to content
ახალი ამბები

გელა ბეჟუაშვილი საგარეო უწყების 2006 წლის პრიორიტეტებზე საუბრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 31 იანვარს ჟურნალისტებს 2006 წელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების შესახებ აუწყა.


2006 წლის პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს როლის ზრდა რეგიონში, ქვეყნის ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დიპლომატიური მცდელობების გააქტიურება.  


“ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და 2004-2005 წლის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“შემდეგი პრიორიტეტული მიმართულება ეს არის “ვარდების რევოლუციის“ შედეგად დაწყებული დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. ხოლო ქვეყნის შიგნით, ეს არის დემოკრატიული პროცესების განმტკიცება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ეს არის საქართველოს, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიული სახელმწიფოს როლის, განმტკიცება და შესაბამისად, დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და განმტკიცება მთელს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ბეჟუაშვილის თქმით, საქართველოს სურს დაასრულოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) განხორციელება და 2006 წლის ბოლოსთვის მიუერთდეს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP).


“შემდეგი პრიორიტეტია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვგეგმავთ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულებას წელს და მიერთებას ნატოს სამოქმედო გეგმასთან 2006 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა მან.


“კიდევ ერთი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, საუბარია უფრო მაღალი დონის ინტეგრაციაზე, ვიდრე დღეს გვაქვს. 2006 წლის განმავლობაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმაზე და ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს. სასურველია, რომ დავიწყოთ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია წლის ბოლოს“, – აღნიშნა ბეჟუაშვილმა.


“საგარეო პოლიტიკური უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური უსაფრთხოება და მისი განმტკიცება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ამ პროცესის ხელშეწყობა. ამ კონტექსტში იგულისხმება საქართველოს ექსპორტის წახალისება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების ამუშავება, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა მან.


ბეჟუაშვილის განცხადებით, პრიორიტეტებში ცალკე თემად იქნება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება. “ჩვენ ვაპირებთ ინტენსიური და აქტიური დიპლომატიის განხორციელებას, რათა ქვეყანამ შეძლოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება“, – დასძინა მან.


მისი თქმით, შემდეგი მიმართულება არის საგარეო საქმეთა სამინისტროს “სტრუქტურული სრულყოფა მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით”.


ბეჟუაშვილის თქმით, ერთ თვეში საგარეო უწყება დაასრულებს სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობას სახელწოდებით – “საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნები და ამოცანები 2006-2009 წლებში“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button