skip to content
ახალი ამბები

ეროვნული გვარდიის სარდალი თანამდებობას ტოვებს

26 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ათ დღეში თანამდებობას ტოვებს.

გაზეთ „24 საათის“ ცნობით, გოგი თათუხაშვილს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაპირისპირების გამო მოუხდა თანამდებობის დატოვება.

თათუხაშვილმა 26 იანვარს რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიუროს განუცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი მისი სურვილი იყო, თუმცა ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ იგი მხოლოდ ამ მიზეზის გამო გადადგებოდა დანიშვნიდან ორი კვირის თავზე.

„24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში სამხედრო მიმომხილველი კობა ლიკლიკაძე წერს, რომ დაპირისპირება თავდაცვის მინისტრსა და გოგი თათუხაშვილს შორის დიდი ხნის წინ წარმოიშვა, სანამ ეს უკანასკნელი ეროვნული გვარდიის სარდლად დაინიშნებოდა.

„თათუხაშვილი ყოველთვის წინააღმდეგი იყო რეზერვისტების მომზადების არსებული მეთოდის… მან სამხედრო ტექნიკის არასწორი ექსპლოატაციის რამდენიმე შემთხვევაც აღმოაჩინა… იგი საზღვარგარეთ ძველი სამხედრო ტექნიკის შესყიდვის წინააღმდეგიც იყო… იგი ასევე წინააღმდეგი იყო სამხედრო აკადემიაში ოთხწლიანი სწავლების კურსის ერთ წლამდე შემცირებისა“, – წერს გაზეთი.

ეს საკითხები, ასევე მედიის სხვა ვარაუდები პრეზიდენტის მიერ თათუხაშვილის საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურად შესაძლო დანიშვნის თაობაზე „სერიოზული გამოწვევა“ იყო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის, წერს გაზეთი.

ვარდების რევოლუციამდე გოგი თათუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო. მოგვიანებით, ის შინაგანი ჯარის მეთაურად დაინიშნა. მას შემდეგ, რაც შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადად გადაკეთდა, თათუხაშვილი ამ ბრიგადას მეთაურობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button