skip to content
ახალი ამბები

საქართველო ფრინველის გრიპის პრევენციის ღონისძიებებს ატარებს

საქართველოს ხელისუფლებამ ფრინველის გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს  მას შემდეგ ახორციელებს, რაც გავრცელდა ინფორმაცია მეზობელ თურქეთში ფრინველის გრიპის H5N1 ფორმით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.   


საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეიძენენ Tamiflu-ს დამატებით მარაგს – ეს ერთადერთი მედიკამენტია, რომელიც ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებადაა მიჩნეული. თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.   


დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი ვითარების განხილვის მიზნით მეფრინველეობის ფაბრიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.


“ჩვენ გვყავს მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მეფრინველეობის საწარმოებს საქართველოს მასშტაბით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ადგილობრივი პროდუქცია აბსოლუტურად უსაფრთხოა“, – განუცხადა სვიმონიშვილმა ტელეკომპანია “იმედს“.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა 5 იანვარს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფრინველის  გრიპის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, სიტუაცია “სერიოზულია, რაც კომპლექსურ პრევენციულ ღონისძიებებს მოითხოვს“.  


გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ 800 000 ლარი გამოყო ქვეყანაში ფრინველის გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით. საქართველოში თურქეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და რუსეთიდან ქათმის იმპორტიც აკრძალა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button