skip to content
ახალი ამბები

აჭარის საკურორტო ინფრასტუქტურაში ყაზახური ინვესტიცია ჩაიდება

ასტანაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან აჭარა მსოფლიო სტანდარტების საკურორტო მხარე გახდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ყაზახური ბანკის “ტურან ალემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


ქართული მედიის ცნობით, დღეს ყაზახურ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ყაზახური კომპანია აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაში ინვესტიციებს ჩადებს. 


“ამის შედეგები უკვე იქნება ზაფხულისთვის… 2008 წელს აჭარა იქნება ერთი უზარმაზარი, ულტრა–თანამედროვე საკურორტო კომპლექსი, ისეთივე როგორიცაა დიდი თურქული და ბულგარული კურორტები. აჭარა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური დასვენების ადგილი ჩვენთვის, ქართველებისთვის და უცხოელებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასტანაში, სადაც ყაზახი კოლეგის ნურსულთან ნაზარბაევის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. 


ყაზახური ბანკი “ტურან ალემი“, რომლის აქტივებიც 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და რომლის ფილიალი გასული წლის აგვისტოში თბილისში გაიხსნა, უკვე აფინანსებს თბილისში სასტუმრო “ივერიის” და რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტს.


თავის ყაზახ კოლეგასთან ნურსულთან ნაზარბაევთან ასტანაში 10 იანვარს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთი “მალე ნომერ პირველი ინვესტორი გახდება საქართველოში”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button