skip to content
ახალი ამბები

კოკოითი: 2006 წელი გადამწყვეტი იქნება სამხრეთ ოსეთისთვის

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა თავის წინასაახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ 2006 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ამ წელს “განსაკუთრებულს და გადამწყვეტს ხდის სამხრეთ ოსეთისთვის“, იტყობინებოდა  სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 1 იანვარს.     


“რთული არ არის იმის პროგნოზირება, რომ ჩვენი მტრები ყველანაირად ეცდებიან ქაოსი და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ რესპუბლიკაში“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.


“თუმცა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ შევძლებთ წარმატებულად ჩავაბაროთ პოლიტიკური სიმწიფის ეს გამოცდა და დავამტკიცოთ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების უზენაესობა“, – დასძინა მან.


კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ 2005 წელი მნიშვნელოვანი იყო ცხინვალის რეგიონისთვის. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობის 15 წლის იუბილის აღნიშვნას 2005 წლის 20 სექტემბერს.


“ამან [იუბილემ] ცხადყო, თუ როგორ გაძლიერდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა  და რამდენად გაიზარდა [სამხრეთ ოსეთის] საერთაშორისო რეპუტაცია“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის ლიდერმა.


მან ასევე გაუსვა ხაზი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც “ორ მოძმე რესპუბლიკას შორის ინტეგრაციის პროცესების შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს“.


კოკოითმა ასევე აღნიშნა, რომ 2005 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის შესახებ.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ 2005 წელი წარმატებული იყო ფინანსური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. “დამატებითმა ფინანსურმა რესურსებმა საშუალება მოგვცა 50%-ით გაგვეზარდა ხელფასები საბიუჯეტო სტრუქტურებში [2006 წლიდან],“ – განაცხადა კოკოითმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ 2005 წელი რთული იყო რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისითაც. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, 2005 წელს ჰაერი დენთის სუნით იყო გაჟღენთილი“, – განაცხადა კოკოითმა.


“სიტუაციას ართულებდა სამხედრო რიტორიკა და თბილისის “ქორების“ ცალმხრივი ქმედებები, რომლებიც ცუდად იყო შენიღბული სამშვიდობო ინიციატივებით“, – დასძინა მან.


თუმცა, მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების დადებითი რეაქცია სამხრეთ ოსეთის ლიდერის სამშვიდობო ინიციატივაზე იმის იმედს იძლევა, რომ 2006 წელი კონფლიქტის მოგვარების კუთხით “პოზიტიური დინამიკის“ მატარებელი იქნება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button