ახალი ამბები

ხაინდრავა შსკ–ს სხდომის შესახებ საუბრობს

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 27–28 დეკემბერს მიმდინარე შერეული საკონტროლო კომისის (შსკ) სხდომაზე შეთანხმება ერთობლივი ქართულ–ოსური სამშვიდობო პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ვერ იქნა მიღწეული.
ამგვარი ჯგუფის შექმნას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის სამშვიდობო წინადადებები ითვალისწინებს.


ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე წინააღმდეგია ამ ახალი ჯგუფის შექმნის. 

“სამივე მხარე [რუსული, სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური] თვლის, რომ აუცილებელია ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც 3-4 თვის განმავლობაში მოამზადებს პროგრამას. ამას აბსოლუტურად  კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ამისთვის არსებობს შერეული საკონტროლო კომისია, რომ მიღებული გადაწყვეტილებები განხორციელდეს“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


მისი თქმით, არსებობს ორი პოზიცია, რომელზეც მხარეები თანხმდებიან  – ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაცია და ეკონომიკური რეაბილიტაცია, ხოლო “პოლიტიკურ შეთანხმებას მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ“.


სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სამშვიდობოებზე პარლამენტის 10 ოქტომბრის დადგენილება 2006 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდეს და დაიწყოს რუსი სამშვიდობოების გაყვანის პროცესი იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამშვიდობოები დაკისრებულ მოვალეობებს არ შეასრულებენ. 


“ვითარება აბსოლუტურად ნათელია. სამშვიდობოები ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ბევრი არგუმენტი… პარლამენტის დადგენილება არის ჩვენთვის კანონი“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ


მისი ინფორმაციით, შსკ–ს შეხვედრაზე ასევე ვერ მოხერხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის საკითხის შეთანხმება.


“თუ კოკოითს არ სურს შეხვედრა, ჩვენ არ ვავალდებულებთ“, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.


2005 წლის შეჯამებისას კი ხაინდრავამ ყველაზე მნიშვენლოვან მოვლენად საქართველოს პრეზიდნეტის მიერ წარმოდგენილი ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმა და მოგვიანებით, ედუარდ კოკოითის სამშვიდობო წინადადებები დაასახელა, რომელიც ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს და აღნიშნა, რომ “პოლიტიკური ნება გაცხადებულია“.


“რთული და წარამტებული წელი იყო. ამ [2005] წელს ვამთავრებთ მაჟორულ ნოტაზე. ვიმედოვნებთ, რომ რაც გაცხადდა, ყველაფერი იქნება რეალიზებული“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button