
პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევის წესი შეიცვალა
საარჩევნო კოდექსში გასულ კვირას პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, მომავალ საკანონმდებლო ორგანოში უპარტიო დეპუტატები ვეღარ მოხვდებიან, რადგან საინიციატივო ჯგუფებს დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის უფლება აღარ ექნებათ.
ცვლილებების თანახმად 50 მაჟორიტარი დეპუტატი, ნაცვლად დღეს არსებული 75–სა, თოთხმეტი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა. კერძოდ, საქართველოს ტერიტორია ოლქებად რეგიონული პრინციპის მიხედვით დაიყოფა და თითოეულ ოლქს მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევის საკუთარი კვოტა ექნება.
თბილისი 5 მაჟორიტარით იქნება საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – 6–ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 5–ით, ცხინვალის რეგიონი – 3–ით, გურია – 2–ით, იმერეთი– 5–ით, კახეთი – 4–ით, მცხეთა–მთიანეთი – 2–ით, სამეგრელო – 4–ით, სამცხე–ჯავახეთი – 4–ით, ქვემო ქართლი – 4–ით, შიდა ქართლი – 2–ით, სვანეთი – 2–ით და რაჭა–ლეჩხუმი – 2–ით.
ცვლილებების თანახმად, მოჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატების წარდგენის უფლება მხოლოდ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ექნება. ამასთან, მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ოლქისათვის განსაზღვრული კვოტის ორმაგ რაოდენობას.
იარსებებს ასევე ე.წ სარეზერვო სიებიც, რომლიდანაც პარლამენტიდან გამოკლებული დეპუტატების ადგილების შევსება იქნება შესაძლებელი. ამდენად, საარჩევნო კოდექსიდან შუალედური არჩევნების ცნება საერთოდ ამოვარდება.
ახალი წესის მიხედვით, არჩეულად ჩაითვლებიან იმ პარტიისა ან ბლოკის კანდიდატები (ოლქის კვოტების რაოდენობის შესაბამისად), რომელთა სიაც მიიღებს სხევებზე მეტ ხმას, თუმცა არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 1/3–ს.
საარჩევნო კოდექსში ეს ცვილებები განაპირობა თებერვალში კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც თავის მხრივ 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს ეფუძნება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 2008 წლიდან პარლამენტის რიცხოვნობა 235–დან 150–მდე მცირდება, საიდანაც 100 პროპორციული წესით და 50 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.