skip to content
ახალი ამბები

გაეროს წარმომადგენელი სოხუმს სტუმრობს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში ვალტერ კალინთან 22 დეკემბერს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზური მხარე არამართებულად მიიჩნევს გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას გალის რაიონში, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ბაღაფშმა შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი, რომელიც სოხუმშია განთავსებული, შეძლებს გალის რაიონში ვითარების გაკონტროლებს იქ დამატებითი ოფისის გახსნის გარეშე.


ბაღაფშმა აღნიშნა, რომ კრიმინალური სიტუაცია გალში კვლავ დაძაბულია, თუმცა განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე გალში გაეროს პოლიციის კომპონენტის განლაგების წინააღმდეგია.


საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამოქალაქო პოლიციის კომპონენტი ამჟამად მხოლოდ ზუგდიდის რაიონში მოქმედებს და მის შემადგენლობაში შედის 11 ოფიცერი ხუთი ქვეყნიდან: რუსეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან, შვეიცარიიდან და გერმანიიდან. გაეროს სამოქალაქო პოლიციის მიზანია უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მომზადებისა და აღჭურვის გზით.


სოხუმში ვიზიტის დროს გაეროს წარმომადგენელი ასევე შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. შეხვედრაზე განხილულ იქნა გალის რაიონში არსებული ვითარება და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ქართულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი.


დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა უარყო, რომ აფხაზური მხარე ძალით აპირებს აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებას იმ ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ. თუმცა, იქვე ხაზი გაუსვა, რომ აფხაზური მხარე არასოდეს დათანხმდება ორმაგ ქართულ-აფხაზურ მოქალაქეობაზე გალის რაიონის მოსახლეობისთვის.


“ისინი, ვინც თავიანთ თავს აფხაზეთის მოქალაქეებად მიიჩნევენ, უნდა გახდნენ [აფხაზეთის მოქალაქეები], თუმცა არ დავუშვებთ ორმაგ მოქალაქეობას საქართველოსთან“, – განაცხადა ანქვაბმა და იქვე დასძინა, რომ ქართველების აფხაზურ არმიაში ძალით გაწვევის შემთხვევები არ ყოფილა.


მან ასევე უარყო, რომ აფხაზური მხარე ზღუდავს გალის სკოლებში ადგილობრივი ქართველებისთვის თავიანთ ენაზე სწავლებას. “ჩვენ იმ წიგნებიდან სწავლების წინააღმდეგი ვართ, რომლებიც საქართველოში გამოიცა, სადაც აფხაზეთის ისტორია დამახინჯებულია“, – დასძინა ანქვაბმა.


ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე კომენტირებისას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობა “გრძელდება და შეთანხმების მიღწევა დაგეგმილია აფხაზეთისა და საქართველოს პრეზიდენტების დონეზე“.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button