ახალი ამბები

შამბა: ქართველ დევნილთა დაბრუნება ახალი კონფლიქტის წყარო გახდება

თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ქართველ დევნილთა დაბუნება აფხაზეთის სხვა რაიონებში, გარდა გალის რაიონისა, შექმნის “ახალი კონფლიქტების, სისხლისღვრისა და ახალი ომის საფუძველს“, იუწყება “აფსნიპრესი“ 13 დეკემბერს.


“ამიტომაც [დევნილთა დაბრუნების შესახებ] საუბარია მხოლოდ გალის რაიონზე… საჭიროა სწორი პოლიტიკის შემუშავება, თუ როგორ გადავაქციოთ გალის რაიონის მცხოვრებნი აფხაზეთის საიმედო მოქალაქეებად“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.


მისი განცხადებით, ე.წ აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ მიღებული კანონი “საქართველოსთან ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს. საჭირო იქნება არჩევანის გაკეთება [გალში დაბრუნებულთა მხრიდან], მაგრამ ეს პირადი და ხვალინდელი დღის საქმეა“. 


შამბას თქმით, სოხუმს სურს საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს, რომ გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების პროცესი უკვე შემდგარია, რათა “ვისაუბროთ სხვა საკითხებზეც, რომელიც იმის გამო მუხრუჭდება, რომ თითქოს დევნილთა დაბრუნების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button