ახალი ამბები

მოსკოვი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე თბილისის სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიხეილ კამინინის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის მოსაზრება, თითქოს რუსეთმა მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისის სამშვიდობო გეგმას


2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეტყობინებაში მიხეილ კამინინი ახმოვანებს სამშვიდობო გეგმის “ნაკლოვანებებზე“ მოსკოვის პოზიციებს, რომლებიც მისი თქმით, პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს 24–25 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტის დროს პირადად გაუზიარეს. 


“თბილისის ახალი ინიციატივა, როგორც ეს ქაღალდზეა გადმოტანილი, არ გულისხმობს ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების მკვეთრ სამეტაპიანობას, რომელიც იყო წინა გეგმის ძლიერი მხარე, რაც 2004 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გააჟღერა ნიუ–იორკში. იმ გეგმას გაგებით შეხვდა სამხრეთ ოსური მხარეც“, – აცხადებს კამინინი.


იგი, სამშვიდობო გეგმის “სისუსტეს“ უწოდებს ქართული მხარის მოთხოვნას შერეული საკონტროლო კომისიის უფრო გაფართოვებული ფორმატით შეცვლის თაობაზე.


“ახალი ქართული ინიციატივა გამოირჩევა ასევე სამხრეთ ოსეთის მომავალი პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის საკითხებზე გაუმართლებლად დიდი აქცენტით. ამ მიზნის მიღწევა, რომელიც ქართული მხარის წინა წინადადებებში სამომავლოდ იყო გადადებული, ახალ ვერსიაში 2006 წლის ბოლოსთვის აღმოჩნდა დაგეგმილი“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი. 


მას შემდეგ, რაც ზურაბ ნოღაიდელს მოსკოვში ზემოთხსენებული შენიშვნები გააცნეს, კამინინის განცხადებით, “შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მათ ქართული მხარე გაგებით მოეკიდა“.


“თუმცა მოულოდნელი აღმოჩნდა მოსკოვში ნოღაიდელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სხვა ევროპულ დედაქალაქებში აღნიშნული გეგმის თავდაპირველი ვერსიის წარდგენის ფაქტი, რომელშიც იგივე ნაკლოვანებები დარჩა“, – აცხადებს კამინინი და აქვე კითხვა უჩნდება, “როგორია სინამდვილეში საქართველოს წინადადებები. ჩვენ დამოკიდებულებას მათ მიმართ მათივე შინაარსი განაპირობებს“.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ სამშვიდობო გეგმა ზურაბ ნოღაიდელმა თავდაპირველად აშშ–სა და ეუთოში წარადგინა, შემდეგ მოსკოვს გააცნო, ხოლო ბოლო პრეზენტაცია ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button