skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: ჩვენ გავაორმაგებთ მცდელობებს ნატოსკენ გზაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც 28 ნოემბერს ნატოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული დაყოვნებისა, საქართველო მაინც წავა წინ “გაორმაგებული მცდლობებით“.


“ნატოს კარი ღიაა ჩვენთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.


“ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს მისწრაფება ნატოში საქართველოზეა დამოკიდებული, რადგანაც ეს საქმიანობაზე დაფუძნებული პროცესია. ჩვენ, უმეტეს შემთხვევებში, გავუსწარით IPAP-ში მოცემულ გრაფიკს. თუმცა, არის რეფორმები, სადაც ჩვენ უკან ვართ, თუმცა ჩვენ გაორმაგებული მცდელობებით წავალთ წინ“, – დასძინა ნოღაიდელმა.


“საშინაო დავალებას დროზე შევასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ წინ წავიწევთ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმისკენ, როგორც კი დასრულდება ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება“, – განაცხადა მან.


“თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ეს გამხნევება [ნატოსგან] და ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენი მისწრაფებისადმი ნატოში“, – დასძინა ნოღაიდელმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button