ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთი უარყოფს თბილისის წვლილს ცხინვალის ციხიდან გაქცევაში

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა “ფანტაზია და ზღაპარი“ უწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ ქარქუსოვმა ცხინვალის ციხიდან გაქცევა მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების დახმარებით შეძლო, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი 21 ნოემბერს.


ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა ოსმა სამართალდამცავებმა 2005 წლის აპრილში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს. ორივე მათგანი ცხინვალის ციხიდან 19 ნოემბერს გაიქცა. ვანო მერაბიშვილის თქმით, ციხიდან გაქცევა შესაძლებელი გახდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის შედეგად, “რომელიც გასული ექვსი თვის მანძილზე მზადდებოდა“.


“ჩვენ ციხიდან გაქცევის შემდეგ ვთხოვეთ ქართულ მხარეს დაგვხმარებოდნენ ქარქუსოვის დაჭერაში. თავდაპირველად, ქართული მხარე დაგვთანხმდა დახმარებაზე, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა ეს შემთხვევა პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად გამოეყენებინა“, – განაცხადა მინძაევმა.


ვანო მერაბიშვილმა 20 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ ქარქუსოვი პოლიტიკური პატიმარი იყო, რომელიც ამჟამად ქართული მხარის დაცვის ქვეშ იმყოფება. მან უარი განაცხადა მის გადაცემაზე სამხრეთ ოსეთის მხარისათვის.

ჯემალ ქარქუსოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად 2003 წლის ბოლოს დანიშნეს. მანამდე მას სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან იგი 2004 წელს გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი იყო მისი შეუთანხმებლობა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button