ახალი ამბები

ბურჯანაძემ დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს წერილით მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ წერილით მიმართა 17–18 ნოემბერს სანკტ–პეტერბურგში მიმდინარე დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეას, რომლის სხდომაზე ქართული დელეგაციის დასწრება დეპუტატ გივი თარგამაძისთვის რუსეთის საელჩოს მხრიდან სავიზო პრობლემების შექმნის გამო ჩაიშალა. “ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დსთ–ს წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ნინო ბურჯანაძე წერილში.


“ეს უპრეცედენტო და ცინიკური ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს  საქართველოს მიმართ რუსეთის რეალურ დამოკიდებულებას და ხაზს უსვამს რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წრეების სურვილის არ ქონას კონსტრუქციული თანამშრომლობა იქონიოს ჩვენ ქვეყანასთან“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.


ამასთან ნინო ბურჯანაძემ დღეს “რუსთავი 2“–ის ეთერში უარყო რუსული მხარის განცხადებები, თითქოს “ჩვენ რაღაც მიზეზს ვეძებდით და იმიტომ არ წავედით [სანკტ–პეტერბურგში]. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ ქართულ–რუსულ ურთიერთობებში მიზეზის ძებნა არ გვჭირდება“.


დსთ–ს ქვეყნების კოლეგებისადმი მიმართვაში ნინო ბურჯანაძე ორგანიზაციის სრულ უუნარობაზე საუბრობს და მოუწოდებს მათ რეაგირება მოახდინონ რუსეთის ფედერაციის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე მეზობელი ქვეყნების მიმართ.


“პრაქტიკულად დსთ–ს შექმნისთანავე რუსეთის ხელისუფლება განიხილავს ამ ორგანიზაციას, როგორც რუსეთის დანამატს და საკუთარი ერთპიროვნული პოლიტიკის გატარების მექანიზმს და არა როგორც საერთაშორისო ინსტიტუტს“, – ნათქვამია განცხადებაში. 


ნინო ბურჯანაძე 18 ნოემბერს “რუსთავი 2“–თან საუბარში აცხადებს, რომ დსთ–ში საქართველოს ყოფნა–არყოფნას ხელისუფლება არ განიხილავს პრინციპულ საკითხად. “ეს [დსთ] არის ტრიბუნა, სადაც საქართველოს თავისი პოზიციის გახმოვანება შუძლია… თუმცა თუ ჩვენი პოზიციის გახმოვანების საშუალება სხვა დროსაც არ მოგვეცემა, შეიძლება ჩვენ ამაზეც [დსთ–ს დატოვებაზე] ვიმსჯელოთ“.


მიმართვაში ნინო ბურჯანაძე ყველა იმ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ქართულ დელეგაციას დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე უნდა დაეყენებინა. წერილში საუბარია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას წარუდგინა, ასევე იმ პოზიტივზე, რომელიც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საქმეში იქნა მიღწეული.


“ჩვენ ვთვლით, რომ ასეთივე პოზიტივი უნდა იქნას მიღწეული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში“, – ნათქვამია მიმართვაში.


ქართული დელეგაცია ასევე აპირებდა სამშვიდობო ოპერაციების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების “რეალური არსის“ ახსნას, რომელიც “საკმარის დროს“ აძლევს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებულ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო პროცესში პროგრესის მისაღწევად. ამასთან, მხოლოდ პროგრესის უქონლობის შემთხვევაში დაიწყება მათი საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის პროცედურა.


წერილში ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ქართული დელეგაცია სანკტ–პეტერბურგში ასევე აპირებდა იმ ნეგატიურ პროცესებზე ყურადღების გამახვილებას, რაც “რუსეთის აქტიური მხარდაჭერით“ ე.წ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ვითარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button