ახალი ამბები

თბილისი ააქტიურებს საერთაშორისო ღონისძიებებს სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ოქტომბრის ბოლოს მთელი რიგი ინტენსიური დიპლომატიური ნაბიჯები გადადგეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში გარკვეული წინსვლის მიღწევის მიზნით. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმა წარადგინა. ნოღაიდელი ვენაში ამერიკიდან ჩავიდა, სადაც გეგმის მიმართ აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადა. 24-25 ოქტომბერს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა გაიმართა, სადაც რუსულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან გეგმას მხარდაჭერა აღუთქვეს. ამას თბილისის ფრთხილი ოპტიმიზმი მოჰყვა.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართული მხარე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სამი ურთიერთდაკავშირებული წინადადებით გამოვიდა.


პირველს ეწოდებოდა კონფლიქტის მოგვარების „სამეტაპიანი“ გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააჟღერა. ეს გეგმა უფრო საერთო ხასიათისაა და პირველ ეტაპზე ითვალისწინებს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, მეორე ეტაპზე – ნდობის აღდგენას და სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციას და მესამე ეტაპზე  – კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას.


2005 წლის იანვარში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უფრო დეტალური სამშვიდობო გეგმა გააჟღერა, რომელიც სამხრეთ ოსეთის მომავალ პოლიტიკურ სტატუსს ეხება.


და ბოლოს ვენაში, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ე.წ. სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც აღწერს იმ მიზნებს და ამოცანებს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეებსა და 2006 წელს გეგმავს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების მიზნით.


ამ სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ხელმძღვანელობას აქვს ამბიციური მიზანი წლის ბოლოსთვის მიაღწიოს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის – ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის (ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები) შეცვლას, კომისიაში აშშ-ს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლების ჩართვის გზით.


აშშ, ისევე როგორც ევროკავშირი, უკვე მიესალმა ამ სამოქმედო გეგმას. “ამერიკის შეერთებული შტატები პირველად აფიქსირებს მზადყოფნას ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმის განხორციელებაში. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება. ანალოგიურ დადებით გამოხმაურებას რუსეთისგანაც ველით“,– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 30 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


მოსკოვში 24-25 ოქტომბერს გამართულ შსკ-ს სხდომაზე რუსულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან გეგმას მხარი დაუჭირეს. ამ შეხვედრის კომენტირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიუხედავად ცხარე დებატებისა, როგორც ჩანს, შეთანხმება “სამეტაპიან სქემაზე“ არსებობს. კენიაიკინის შეფასება შეესაბამება, თუმცა პირდაპირ არ ეხება სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოში გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც უარყო თვითგამოცხადებულმა სამხრეთ ოსეთმა, ხოლო რუსეთმა მისი მხადრაჭერისგან თავი შეიკავა.


თუმცა, რუსი დიპლომატის მიერ სამეტაპიანი გეგმისადმი გამოხატულ სიმპათიას მოყვა კონფლიქტების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადება, რომ შსკ-ს სხდომაზე აღინიშნებოდა „გარკვეული გარღვევა ქაღალდზე“.


მოსკოვს და ცხინვალს კვლავ უარყოფითი პოზიცია უკავიათ მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის საკითხში. მათი განცხადებით, შსკ კონფლიქტის მოგვარების “ერთადერთი ეფექტური მექანიზმია“.


ეს საკითხი 15-16 ნოემბერს ლიუბლიანაში დაგეგმილი შსკ-ს სხდომის ფარგლებში იქნება განხილული. სხდომა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის ინიციატივით იმართება. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრის ორგანიზების თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ ლიუბლიანაში შსკ-ს სხდომის წინ გაიმართება.    


სამხრეთ ოსეთის საკითხი ასევე იქნება განხილული ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ლიუბლიანაში 5-6 დეკემბერს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ოქტომბერს “როიტერს“ განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ სხდომაზე გეგმავს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ახალი სამშვიდობო ინიციატივით გამოვიდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button