ახალი ამბები

ნოღაიდელმა ეუთოს კონფლიქტის მოგვარების სამოქმედო გეგმა გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც იმ მიზნებს და ამოცანებს შეიცავს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლება მომდევნო თვეებსა და 2006 წელს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით გეგმავს.


2005 წლისათვის საქართველოს მთავრობის მთავარი მიზნები და ამოცანებია:


• მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შემოღება ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ს და რუსეთის მონაწილეობით;
• მოგვარების გეგმის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ლიუბლიანაში დეკემბერში დაგეგმილ ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე;
• რესტიტუციის შესახებ კანონის მიღება;
• ოსურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირდაპირი კავშირების ხელშეწყობა;
• პირდაპირი ქართულ-ოსური დიალოგის უზრუნველყოფა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასთან რეგულარული შეხვედრების გზით;
• პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობა ბადენის დოკუმენტის საფუძელზე – დოკუმენტი, რომელიც 2000 წლის ივლისში იქნა შეთანხმებული, ეხება კონფლიქტის მხარეებს შორის პოლიტიკური და იურიდიული ურთიერთობების ძირითად ასპექტებს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 


2006 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს:


• მოლაპარაკებების დაწყებას მოლაპარაკებების ახალ ფორმატში;
• მოლაპარაკებების დაწყება საზღვრის კონტროლზე, როკის გვირაბის ჩათვლით;
• რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;
• რესტიტუციის კანონის განხორციელების უზრუნველყოფა;
• ერთობლივი სარეაბილიტაციო ფონდის შექმნა ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ის, რუსეთის მონაწილეობით;
• რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება;
• პენსიების გაცემა რეგიონში;
• 1991-92 წლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დაწყების მიზნით ერთობლივი კომისიის შექმნა;
• ოსური კულტურის განვითარების ხელშეწყობა სხვადასხვა დღესასწაულებისა და სახალხო ზეიმების ჩატარების გზით;
• სამხრეთ ოსეთის სტატუსზე შეთანხმების მიღწევა;
• შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ერთობლივი ორგანოს ჩამოყალიბება.


ზურაბ ნოღაიდელი ვენაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, აშშ-მ სრული მხარდაჭერა გამოხატა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button