skip to content
ახალი ამბები

ქართველმა, რუსმა, აფხაზმა ექსპერტებმა რკინიგზის ტექნიკური შემოწმება დაასრულეს

სოხუმში ქართველ, რუს და აფხაზ სპეციალისტთა ერთობლივმა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფსოუდან ენგურამდე სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკურ შემოწმებაზე. ხელმოწერილია ერთობლივი დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი რკინიგზაზე არსებული ტექნიკური მდგომარეობა.


საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ტექნიკური დირექტორის, სოხუმში ქართველ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის იური ჭავჭანიძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 23 ოქტომბრამდე შემოწდა ყველა ხიდი, გვირაბი და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.


“მდინარე ფსოუდან სოხუმამდე 100 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა მეტნაკლებად შესაძლებელია. სოხუმიდან ოჩამჩირემდე მონაკვეთზე მთლიანად კაპიტალური რემონტია ჩასატარებელი. ყველაზე სავალალო მდგომარეობაში კი ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე  50-კილომეტრიანი მონაკვეთია, აქ ლიანდაგი აღარ არსებობს და გაძარცვულია გზის უმეტესი ნაწილი“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ იური ჭავჭანიძემ.


10 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში ფსოუდან ენგურამდე რკინიგზის 194 კილომეტრიან მონაკვეთს ტექნიკურად რუს და აფხაზ ექსპერტთა სამი მობილური ჯგუფი ამოწმებდა. მაშინ ქართველ ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან მობილურ ჯგუფებში სამი მათგანი აფხაზეთიდან დევნილი იყო და აფხაზეთის ტერიტორიაზე ისინი არ შეუშვეს.


აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მონაკვეთზე მიმოსვლა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის (1992-93) შემდეგ შეწყდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button