ახალი ამბები

თბილისი მოსკოვის პოზიციას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას და გაკვირვებას გამოხატავს 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც მოსკოვი ქართული მხარეს 20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვაში ადანაშაულებს და  საქართველოს პარლამენტის გეგმას რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე “პროვოკაციას“ უწოდებს.


“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზემოხსენებული განცხადების რიგი დებულებები მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ გაცხადებულ პოზიციას და შესაძლებელია შეფასდეს, როგორც საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, აღებული მრავალმხრივი და ორმხრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა“, – ნათქვამია 4 ოქტომბერს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აპროტესტებს რუსეთის საგარეო უწყების მიერ განცხადებაში “სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის, როგორც პრეზიდენტად მოხსენიებას, რის დაუშვებლობაზეც ქართულ მხარეს არაერთხელ გამოუთქვამს პროტესტი“.


საქართველოს საგარეო უწყება ითხოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციის დაფიქისრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, “რის შემდეგაც ქართული მხარე განსაზღვრავს რუსეთის ფედერაციის მიერ კონფლიქტის დარეგულირებაში შუამავლის ფუნქციის შემდგომი შესრულების მიზანშეწონილობას“, – ნათქვამია განცხადებაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button