
საქართველოში შუალედური არჩევნები ტარდება
![]() |
ამომრჩეველი ხმას აძლევს ისნის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე. |
შუალედური არჩევნები ქობულეთის, ბათუმის, შუახევის, ტყიბულის და ისნის საარჩევნო ოლქებში იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხუთივე ოლქში სულ 165,404 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
“ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მთავარი კონკურენტები არიან ოთხი ოპოზიციური პარტია – ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია, რომლებიც გაერთიანდნენ და 17 სექტემბერს გამართული პრაიმერის გზით თითოეულ ოლქში ერთიანი კანდიდატები შეარჩიეს. ანალიტიკოსების თქმით, ოპოზიციის ერთ საარჩევნო ოლქში გამარჯვებაც კი წარმატებას ნიშნავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საერთო ჯამში არჩევნები ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი თითქმის არ აქვს”.
ცსკ–ს თავმჯდომარის განცხადებით, დილიდანვე ტყიბულისა და ქობულეთის ამომრჩეველი განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა.
გასულ წელს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, მხოლოდ შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3–ს მაინც უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ამდენად, მიმდინარე არჩევნების ჩატარებულად გამოცხადებისათვის ამომრჩეველთა მინიმალური აქტივობაც საკმარისია.
იმისათვის, რომ მაჟორიტარი კანდიდატი გამარჯვებულად გამოცხადდეს, უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეთა (თეორიულად ეს შეიძლება ერთი ამომრჩეველიც იყოს) ხმების არანაკლებ 1/3.
გია ქავთარაძის თქმით, ცსკ შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს 2 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მონიტორინგს 62 ადგილობრივი და 31 საერთაშორისო დამკვირვებელი ახორციელებს. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ხუთივე ოლქის ყველა უბანზე თავისი დამკვირვებელი ჰყავს. სხვა დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მათ შორის “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, ძირითადად მობილური ჯგუფები ჰყავთ, რომლებიც უბნიდან უბანში მოძრაობენ.
კანდიდატები
![]() |
ღია ცის ქვეშ განთავსებულ ამ საარჩევნო უბანზე 17 სექტემბერს გაიმართა ოპოზიციური პრაიმერი, რომელშიც საერთო კანდიდატები ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოავლინა. |
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი კანდიდატები 10 აგვისტოს დაასახელა. ისანი-სამგორის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბიძინა ბრეგაძე იყრის; ქობულეთში – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდიანციო სამსახურის უფროსი კობა ხაბაზი; ტყიბულში – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პავლე კუბლაშვილი; ბათუმში – სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი; შუახევში – პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი ელგუჯა მაკარიძე.
საკუთარი კანდიდატები სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც წარადგინეს, მათ შორის საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ (ჟიული სიყმაშვილი ისნის მაჟორიტარულ ოლქში და თეიმურაზ სამნიძე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში) და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ (გიორგი გოგნიაშვილი ისნის მაჟორიტარულ ოლქში).
საარჩევნო კამპანია
პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანია შედარებითი ზომიერებით გამოირჩეოდა. პრეზიდენტ სააკაშვილს არ დაუმალავს, რომ შუალედურ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშველობა აქვს. მან მომავალ არჩევნებს ხელისუფლების და მმართველი პარტიის გარკვეული გამოცდაც კი უწოდა.
თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მმართველი პარტია ძირითადად არა თავის ინდივიდუალურ კანდიდატებზე ამახვილებდა ყურადღებას, არამედ იმ ფაქტზე, რომ მათ ხელისუფლება, კერძოდ კი პრეზიდენტი სააკაშვილი უჭერს მხარს, რომელიც ასევე “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა.
ეს ტენდენცია მმართველი პარტიის სატელევიზიო რეკლამებშიც აისახა, რომლებშიც აქცენტი მთავრობის მიერ 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე კეთდება და ამომრჩევლებს ქვეყნის შემდგომი განვითარების მიზნით მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. რეკლამის თითქმის ყველა კადრში პრეზიდენტი სააკაშვილი დომინირებს და მხოლოდ რეკლამის ბოლო ნაწილშია მოკლედ წარმოდგენილი მმართველი პარტიის კანდიდატების ვინაობა.
პრეზიდენტი სააკაშვილი ამჟამად აჭარაში იმყოფება. იგი რეგიონში არჩევნების დღესაც დარჩება. “არ მოვიტყუები და არ ვიტყვი, რომ ნეიტრალური პოზიცია მიკავია. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ არჩევნებით. ეს არჩევნები გვიჩვენებს, მთავრობა სწორ გზაზე დგას თუ არა… რა თქმა უნდა, გვჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა“,– განაცხადა სააკაშვილმა 29 სექტემბერს აჭარაში.
ხელისუფლებისთვის აჭარის სამ საარჩევნო ოლქში გამარჯვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც არჩევნები რეგიონში მშვიდობიანი რევოლუციის 17 თვის თავზე ტარდება. მაშინ აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე მშვიდობიანად იქნა გაძევებული ავტონომიური რესპუბლიკიდან.
“ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე არაპირდაპირი დარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, პრეზიდენტი სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სტუმრობდნენ იმ რაიონებს, სადაც არჩევნებია დაგეგმილი, ისინი თან ახლდნენ დეპუტატობის კანდიდატებს სხვადასხვა ღონისძიებებზე, როგორიცაა ახალი მოედნის გახსნა, რაც არაპირდაპირ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, რადგანაც არ დაფიქსირებულა მოწოდებები მათი კანდიდატის მხარდასაჭერად, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის პირდაპირ დარღვევად“, – განუცხადა “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა თამარ ჟვანიამ “სივილ ჯორჯიას“.
თუმცა, “კონსერვატორებმა“ და “ახალმა მემარჯვენეებმა“ 29 სექტემბერს ხელისუფლება ქობულეთის ოლქის ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის განცხადებით, კობა ხაბაზი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, ამ ოლქის ამომრჩევლებს უფასო სამედიცინო კონსულტაციის მომსახურებას სთავაზობდა და უფასო მედიკამენტებით ამარაგებდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) 29 სექტემბრს განიხილა მათი საჩივარი მაჟორიტარი კანდიდატის კობა ხაბაზის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე და არ დააკმაყოფილა იგი. “ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მტკიცებულება [ხაბაზის წინააღმდეგ] არასაკმარისია მისი რეგისტრაციიდან მოხსნისთვის“, – განაცხადა ცსკ–ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ.
ოპოზიციური პარტიები ასევე ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გამოთქვამენ პრეტენზიებს. “საარჩევნო სიებში ბევრი მკვდარი სულია და სიტუაცია [ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით] თითქმის ანალოგიურია, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო [რასაც 2003 წელს “ვარდების რევოლუცია“ მოყვა]“, – განაცხადა “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 29 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
თუმცა, ცსკ-მ უარყო ეს ბრალდებები და მათ უსაფუძვლო უწოდა. “ჩვენ ჯერ არ მიგვიღია რაიმე ოფიციალური პრეტენზია ოპოზიციური პარტიებისგან ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. რაიმე პრეტენზია თუ ჰქონდათ ჩვენთვის უნდა მოემართათ. ამის შესახებ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საუბარი უბრალოდ PR კამპანიაა“,– განაცხადა ცსკ-ს თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ 29 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მან განაცხადა, რომ ცსკ მზად არის არჩევნები ჩაატაროს და პირობა დადო, რომ ცსკ “არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას“.