skip to content
ახალი ამბები

საფრანგეთი საქართველოს უკანონო მიგრაციის თაობაზე გაფრთხილებას აძლევს

საფრანგეთი და მისი ევროპელი პარტნიორები “დიდი ხუთიანიდან“ (გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია) საქართველოს, მავრიტანიის, პაკისტანის, ეგვიპტის და კამერუნის მოქალაქეებზე გასაცემი ვიზების რაოდენობას შეამცირებენ, თუ ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ ითანამშრომლონ ევროპის სახელმწიფოებთან მათი უკანონო მიგრანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესი“ 5 სექტემბერს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ნიკოლას სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 9 სექტემბერს საფრანგეთში გაემგზავრა, ამ საკითხს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან განიხილავს.


სარკოზიმ, რომელმაც ამ ხუთივე ქვეყანას “თანამშრომლობის უუნარო“ უწოდა, განაცხადა, რომ “დიდი ხუთიანი“ მათ [ამ ქვეყნებს] 1 აგვისტოდან სამი თვის ვადას აძლევს, რათა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება. “თუ არანაირი გაუმჯობესება არ მოხდება, ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენს პოზიციაზე“, განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.


სარკოზიმ ასევე განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან “დაბრუნების შესახებ განაცხადის“ გაკეთების ვალდებულება ძალაშია ათობით საკონსულოში, მათ შორის თბილისშიც. “ეს ეხება იმ პირებს, რომელებზეც მოკლევადიანი ვიზები გაიცა“, დასძინა სარკოზიმ.       

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button